ცნობილი შვეიცარიელი სპეციალისტი იაკობ (კობი) კუნი გარდაიცვალა. 76 წლის შვეიცარიელის გარდაცვალების ცნობა ცოტა ხნის წინ ფიფას ვებგვერდმა დაადასტურა.
კობი კუნი ფეხბურთელობისას მხოლოდ „ციურიხის“ (1961-1977) ღირსებას იცავდა, ხოლო შვეიცარიის ნაკრებში 1962-1976 წლებში 65 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
გაცილებით წარმატებული იყო მისი სამწვრთნელო კარიერა, რომელიც 1983 წელს „ციურიხიდან“ დაიწყო, შემდეგ 1995-2001 წლებში შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებს წვრთინდა, ხოლო 2001 წელს შვეიცარიის ნაკრები ჩაიბარა. ეროვნული ნაკრები კუნიმ 2004 და 2008 წლებში ევროპის ჩემპიონატზე ათამაშა, ხოლო 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც შვეიცარია მერვედფინალში გავიდა და ტურნირს ისე გამოეთიშა, რომ გოლიც არ გაუშვია (უკრაინასთან პენალტების სერიაში მარცხით).