საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი მეტად დაძაბული გამოდგა და ბოლო ტურის წინაც არაერთი ინტრიგაა დარჩენილი. მათ შორის ბუნებრივია მთავარი საჩემპიონო რბოლაა.
წინა ტურში გაირკვა, რომ „საბურთალო“ ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ ბრძოლაში ორი „დინამო“ დარჩა, თბილისის და ბათუმის.
თბილისელთა პოზიცია გაცილებით ოპტიმისტური და მომგებიანია: ფელის ვისენტეს გუნდი 2 ქულით უსწრებს ერთადერთ კონკურენტს და ბოლო ტურის მატჩს შინ „ვიტ ჯორჯიასთან“ ჩაატარებს. გუნდთან, რომელიც დიდი ხანია უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა და შესაბამისად, „დინამო თბილისი“ აშკარა ფავორიტად ითვლება. ისე, „დინამოს“ მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გახდება ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო.
გია გეგუჩაძის გუნდი სეზონს თბილისში „ლოკომოტივთან“ მატჩით დაასრულებს. ერთი შეხედვით გაცილებით რთული თამაში ელოდება, ვიდრე მის კონკურენტს, მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ „რკინიგზელები“ უმოტივაციო ვითარებაში არიან. „ლოკომოტივმა“ ევროპის ლიგის საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვა (2005 წლის შემდეგ პირველად) და ბოლო ტური მისთვის საერთოდ არაფერს წყვეტს. თანაც, „ლოკოს“ 8 დეკემბერს უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს, საქართველოს თასის ფინალში „საბურთალოსთან“ და ძნელად სავარაუდოა, რომ „დინამო ბათუმს“ თავს შეაკლავს.
„ვიტ ჯორჯია“ უკვე დაქვეითდა და პლეი-აუტის ზონაც შევსებულია - „რუსთავი“ და „სიონი“. აქ მხოლოდ ის ინტრიგა დარჩა, როგორ გაინაწილებენ გუნდები ადგილებს სატურნირო ცხრილში. მერვეადგილოსანი პლეი-აუტში „თელავს“, ხოლო მეცხრეადგილოსანი „სამტრედიას“ დაუპირისპირება. ამ დროისთვის „სიონს“ ქულით მეტი აქვს და ბოლო ტურში „საბურთალოს“ ესტუმრება, რომლისთვის ეს თამაში უბრალოდ ფორმალობაა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მესამე ადგილი და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზური გაიფორმა, ამასთან ტიტულის მოგების ჩინებული შანსი აქვს, საქართველოს თასის ფინალისთვის ემზადება.
სხვა მხრივ, ბოლო ტურში ინტრიგა არ არსებობს. „ტორპედოს“, „ჩიხურასა“ და გორის „დილას“ შეუძლიათ სამომავლო გეგმები დააწყონ, რადგან ვერც ევროტურნირებზე გავიდნენ და არც დაქვეითება ემუქრებათ.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის რეგულარული სეზონი 1 დეკემბერს დასრულებდა. შემდეგ კი ესტაფეტას პლეი-ოფები და საქართველოს თასის ფინალი გადაიბარებს.