რაგბი

13:51 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა „ა“ ლიგა | არდადეგებზე ‘აია’ ლიდერად წავიდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს ჯგუფის“ მეათე ტურში, პირველობის ლიდერმა ქუთაისის ‘აიამ’ თანაქალაქელ ‘არესთან’ დაგეგმილი პრემიის აღება ვერ მოახერხა, თუმცა ზამთრის არდადეგების წინ, სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მივლინებულ მოთამაშეთა გამო, პირველობის ფავორიტებს თამაში შესუსტებული შემადგენლობით მოუხდათ.

რიონისპირულ დერბის თან ქარიშხალი ახლდა, რამაც მეტოქეებს უამრავი ხელოვნური პრობლემა შეუქმნა. გუნდებმა ჯარიმის კარში დარტყმაზე ხელი იძულებით აიღეს და მატჩის ქულათა მონაგარი სრულად დადებულმა ლელოებმა შეავსეს. ‘არესი’ აქცენტს უმეტესად სტატიკაზე აკეთებდა, გაგა გურეშიძის შეგირდები კი რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, უპირატესობას ხელდახელ, გაშლილ თამაშს ანიჭებდნენ. ფავორიტმა ტაიმებში 2-2 ლელოს გატანა მოახერხა. ‘აიას’ მღლეტელმა ბექა შვანგირაძემ ‘დუბლი’ შეასრულა და მატჩის პირველი და ბოლო ლელოს ავტორიც გახლდათ. გატანილი ლელოებით ‘აიას’ მხრიდან, ასევე ფულბეკი გიორგი ბარათელი და შუამარბი გიორგი შარაშენიძე გამოირჩნენ. ‘არესი’ მრისხანე მეტოქეს ტოლს არ უდებდა. ზურა შვანგირაძისა და ნიკა სირაძის გუნდიდან პირველი ნახევარში ლელო მარბიელმა გიორგი თევზაძემ დადო, მატჩის მიწურულს კი ‘არესის’ შუამარბ გიორგი ჩაფიძის გატანილმა ლელომ, ლიდერს პრემიის აღება არ დაანება 20:10.

‘ლელოსა’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ დედაქალაქური დერბი კი ჩემპიონის არენაზე, მესამე მასივში გაიმართა. ლამის მეორე შემადგენლობის ყოლის მიუხედავად, ‘ლელო’ თამაშის ჩვეულ სტილს არ ღალატობდა, მაღალ სიჩქარეზე, სწრაფ, ხელდახელ თამაშს ეშურებოდა და თან მეტოქეს სტატიკაშიც ჯაბნიდა. პირველობის მთავარი მელელოვეს, გიორგი ქობალიას შეჩერება ვერც ‘რკინიგზელებმა’ მოახერხეს. ‘ლელოს’ მარბიელმა პირველივე ტაიმში ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა, რასაც ქობალიას თანაგუნდელ, ფრთა გიგა ქევხიშვილის გატანილი წყვილი ლელოც დაერთო. რკინიგზელები ტრადიციულად მედგრად იბრძოდნენ, მესამეხაზელმა ზურაბ ფრუიძემ ლელოს გატანაც მოახერხა, თუმცა გია კურატიშვილისა და გიორგი ბერიაშვილის შეგირდები, შიდა საკლუბო პრობლემების გამო უკეთესი შედეგის ჩვენებას ვერ ახერხებენ. შეხვედრის მეორე ნახევარიც ‘ლელოს’ კარნახით წარიმართა. მასპინძელთა მარქაფა თავს არ ზოგავდა. ჩემპიონმა კიდევ 3 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა (ჰუქერი ნიკა ქათამაძე; ბურჯი თამაზ ჯიმშელეიშვილი; ფრთა გიორგი კოკოლაშვილი) და მატჩი პრემიის თანხლებით, 54:5 მოიგო. ‘ლელომ’, ლიდერ ‘აიასთან’ სატურნირო ცხრილში ჩამორჩენა კვლავ მინიმუმამდე, ერთ ქულამდე შეამცირა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. ცხრილში ტოლსწორად მყოფი პრინციპული მეტოქეები ‘ხარები’ და ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. გასულ სეზონში, ბრინჯაოს მედლისთვის განცდილი მარცხის შემდეგ, მუხიანალები ქვემო ქართლელებთან საბრძოლველად საგანგებოდ ემზადებიან, რაც მიმდინარე პირველობის მეტოქეთა ორივე შეხვედრამ ნათლად დაადასტურა. 19-წლამდელებში გამოძახებულ მორაგბეთა გამოკლებით, რატუ ურუშაძემ ქვემო ქართლის დედაქალაქში უძლიერესს შემადგენლობას მოუყარა თავი. ‘ხარების’ დამრიგებელმა თემურ ლობჟანიძემაც თავის მხრივ ნაკრებში მივლინებული მორაგბეები მოისაკლისა.

პირველი წრის მსგავსად, ამჯერადაც შეხვედრა ‘ხვამლის’ კარნახითა და სრული უპირატესობით წარიმართა. რატი ურუშაძის შეგირდებმა ‘ხარებს’ კვლავ ‘მშრალი’ ანგარიშით, პრემიის თანხლებით 34:0 მოუგეს. მუხიანელებმა თავიანთი გამოჩენილი ბორჯღალოსანი დამრიგებლის ყველა მითითება პირნათლად შეასრულეს და დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, სწრაფ კონტრიერიშებზე, გაშლილი, ხელდახელ თამაშით 5 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს. შეხვედრის გამორჩეულმა მოთამაშემ, ‘ხვამლის’ ფრთა ლაშა კაკაურიძემ პირველივე ტაიმში ‘დუბლი’ გაიფორმა. თითო ლელო კი პირად აქტივს მღლეტელმა ტორონჯაძემ, მარქაფადან ჩართულმა შუამარბმა ბაჩანა მონიავამ და გუნდის მფლობელ დავით ცხვედიანის ტრავმამოშუშებულმა ვაჟმა, შუამარბმა ლუკა ცხვედიანმა შემატეს.

მართალია, მეტოქეებმა სეზონში 7-7 შეხვედრა მოიგეს, თუმცა მუხიანელებმა ყველა გამარჯვებას პრემიაც დაურთეს და ერთხელ ნუგეშიც აიღეს, 36 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილზე დაქვეითებულ ქვემო ქართლელებს ცხრილში 5 ქულით გაუსწრეს.

მიმდინარე კალენდარული წლის ბოლო შეხვედრა ზემო პლატოზე გაიმართა. ღრმა აუტსაიდერმა ‘აკადემიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა. მართალია, ‘მხატვრებმა’ პირველი საცხრილო ქულის აღება ამჯერადაც ვერ მოახერხეს, თუმცა გიორგი ნებულიშვილის შეგირდებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და ქვემო ქართლელებს ჯეროვანი წინააღმდეგობაც გაუწიეს.

‘არმაზი’ უპირატესობის მოპოვებას უმეტესად სტატიკის ხარჯზე ლამობდა და მეტოქეს მოლით ჯაბნიდა. დათო კიკნაძის ბიჭებმა ‘მხატვრებს’ ჯერ ნულოვან ზონაში გაუჭედეს ოვალი და ჰავბეკ ლაშა ბარბაქაძის ლელოთი დაწინაურდნენ. ‘აკადემიას ‘მგეზავმა კოტე იაშვილმა არეკნით ანგარიში შეამცირა, თუმცა ‘არმაზმა’ მოლით იძალა და ბურჯმა სანდრო ზუბაშვილმა დადებული ლელოთი, როგორც შემდგომში გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიში 12:3 დააფიქსირა. მეორე ტაიმში ‘მხატვრებმა’ თამაში გაათანაბრეს, დაცვაში შეუცდომლად მოქმედებდნენ და შეხვედრის მიწურულს აგრესიული დაცვით ქვემო ქართლელებს პრემიის მომტანი ლელოს გატანაც არ დაანებეს. ‘არმაზმა’ მეხუთე გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაც გაიმყარა.

რეგულარული სეზონი გაისად, თებერვალში განახლდება. გუნდებს 4-4 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი, რის შემდგომ პლეი ოფის ჯერი დადგება. 1/4-ში მოწინავე ექვსეულს ‘ვერცხლის’ ლიგის დივიზიონთა გამარჯვებულები შეურთდებიან და ადგილს ‘ელიტას’ 2 აუტსაიდერს გაუცვლიან. ‘ვერცხლის’ ლიგის აღმოსავლეთში ყველა მოგებით გორის ‘ჯიქი’ ლიდერობს, რომელსაც ცხრილში კონკურენციას ‘ყოჩები’ უწევენ და შიდა ქართლელებს 4 ქულით ჩამორჩებიან. დასავლეთის დივიზიონის ლიდერმა ‘ბათუმმა’ ასევე ყველა შეხვედრა მოიგო , უშუალო კონკურენტი ‘ზუგდიდი’ სტუმრად დაამარცხა, სატურნირო ცხრილში მეგრელებს 10 ქულით გაუსწრო და პლეი ოფისკენ მძლავრი ნაბიჯიც გადადგა.

site.rugby.ge

0.113172