ბლოგი

12:34 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფეხბურთი გზაგასაყართან

2020 წლის მარტის ბოლოს საქართველოში დიდი ამბები იქნება. ეს პერიოდი ერთგვარი გზაგასაყარია. ჩვენი ცხოვრება ისედაც პოლიტიკური ავ-კარგითაა სავსე და ალბათ ხვდებით, რომ რაიმე წინასწარ დაანონსებულ პოლიტიკურ გარდატეხას არ ვგულისხმობ. ჩვენი საფიქრალი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და ერთა ლიგის ნახევარფინალ-ფინალებს ეხება, რომელიც თანდათან გვიახლოვდება და იმედთან ერთად შიშიც გვიძლიერდება.

ამ ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფას გადაწყვეტილებით, თუკი საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ბოლორუსის ეროვნული გუნდის ძლევა თბილისში მოახერხა, უეფას ერთა ლიგს “დ“ ჯგუფის ფინალური მატჩიც ჩვენს დედაქალაქში შედგება და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მნიშვნელობის მატჩი მრავლისმნახველ ეროვნულ სტადიონსაც კი არ ახსოვს.

“დინამოს“ სტადიონზე რა თქმა უნდა უბურთავათ მსოფლიოს დიდ ვარსკვლავებს, ლეგენდებს, დიად კლუბებს, სამწვრთნელო სკამზე უნერვიულიათ ლეგენდარულ მწვრთნელებს... მაგრამ რანგითა და მნიშვნელობით ჯერ არასოდეს გამართულა მატჩი, რომელიც წყვეტდა ისეთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრა-ვერმოხვედრის საკითხს, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ან ასეთი მატჩი როგორ გაიმართებოდა, როდესაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კარიბჭესთან აქამდე ჯერ არასოდეს მდგარა და მსგავსი მიღწევის მცირე შანსი მაშინაც კი არ გვქონდა, როდესაც ნაკრებში ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, კალაძე და ასეთი ვარსკვლავები გამოდიოდნენ.

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკითხი იმაზეა დამოკიდებული, ბელორუსთან მატჩს როგორ ფორმაში შეხვდება გიორგი ჩაკვეტაძე - სრულიად უმრწმესი ყმაწვილი, რომელიც მოულოდნელად გამოგვეცხადა და დაამტკიცა, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია. მართლაც! არასამართლიანი იქნება იმის უარყოფა, რომ ჩაკვეტაძესთან ერთად ჩვენი ნაკრები სულ სხვანაირ თამაშს აჩვენებდა და ეს ბიჭი დიდი ძალაა. სწორედ ამიტომაც, გიორგის დროული გამოჯანმრთელება და ტრავმის ხარისხიანად მოშუშება ერთი ფეხბურთელის საფეხბურთო კარიერის წარმართვაზე ბევრად მეტ მნიშვნელობას იძენს.

მაგრამ, მიუხედავად გიორგი ჩაკვეტაძის უდავო ნიჭისა და გამორჩეულობისა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველად, სასწორზე ისეთი მნიშვნელოვანი წარმატება დევს, რომ თუნდაც (ღმერთმა ნუ ქნას და...) ჩაკვეტაძემ სათანადო ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწროს, ნაკრების ყველა ფეხბურთელს საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი მოეთხოვებათ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველამ უნდა აჯობოს თავს და 2020 წლის გაზაფხულზე დაიწეროს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი 1981 წლის 13 მაისის შემდეგ.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ნაკრების ქომაგებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ყველა დიდი წარმატება საერთო ძალისხმევით მიიღწევა და გუნდის ღირსეული ქომაგობაც ამ წარმატების ნაწილი უნდა გახდეს. კრიტიკა და სიმართლის თქმა ყოველთვის საშური საქმეა, მაგრამ ყველას და ყველაფრის უსაგნოდ მაგინებელი ე.წ. გულშემატკივრების ეპოქა საქართველოში უნდა დასრულდეს!

0.110581