ფეხბურთი

0:27 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს დებიუტი, "ლივერპულის" ჩვეული სცენარი და "ჩელსის" დასრულებული სერია

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში ძალიან ბევრი რამ მოხდა ბევრი საინტერესო თამაშიც შედგა. უპირველეს ყოვლისა, ჟოზე მოურინიოს 11-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება და „ტოტენჰემის“ მესაჭის რანგში დებიუტია. უნდა გამოვყოთ, „ლივერპულის“ მორიგი მძიმე, მაგრამ გამარჯვება და ლონდონის „ჩელსის“ დასრულებული მოგებათ სერია.

ტური ლონდონური დერბით დაიწყო, სადაც „ვესტ ჰემმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. ეს მატჩი ცხადია ჟოზე მოურინიოს გამო იყო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. პორტუგალიელს ჩინებული დებიუტი გამოუვიდა, ბოლოსკენ ნერვიულობა კი მოუწია, მაგრამ მისმა გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა და მთავარი ესაა. სხვათა შორის, „მამლებმა“ პრემიერლიგაში საგარეო თამაში იანვრის შემდეგ პირველად მოიგეს და ცხადია, ესეც „განსაკუთრებულის“ აქტივში უნდა შევიტანოთ. ლონდონელებმა ჩინებულად ჩაატარეს ერთი საათი, პრაქტიკულად უნაკლო თამაში აჩვენეს და თამაშის ბედიც სწორედ ამ მონაკვეთში გადაწყვიტეს. თუმცა, ბოლოს „ვესტ ჰემმაც“ ივარგა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად პირველ რიგში დრო არ ეყო. ამრიგად, ჟოზეს ტოტენჰემური თავგადასავალი წარმატებით დაიწყო.

ტურის ცენტრალურ მატჩში კი, „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსი“ მიიღო. პეპ გვარდიოლას გუნდს ნამდვილად არ ულხინს, „ლივერპულს“ უკვე საგრძნობლად ჩამორჩება და ამ მატჩის დაწყებამდე უკვე იცოდა, რომ „წითლებს“ მორიგი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული. შედეგად, „ქალაქელებს“ გამარჯვების გარდა, სხვა არაფერი დარჩენოდათ. თუმცა, ფრენკ ლამპარდის გუნდსაც იგივე მიზანი ამოძრავებდა და თამაშიც კარგად დაიწყო. ნგოლო კანტემ სტუმრები დააწინაურა. მაგრამ დროებით, პირველივე ტაიმში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, თამაშის მოგებაც მოახერხეს. შედეგად, „სიტიმ“ სატურნირო ცხრილში „არისტოკრატებს“ გადაასწრო, ხოლო „ჩელსიმ“ ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ ხასიათი გაიფუჭა.

„ლივერპულს“ უჭირს, მაგრამ იგებს - ეს მთავარია. იურგენ კლოპის გუნდს „კრისტალ პალასმა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, საგოლე მომენტებიც მრავლად შეუქმნა და პირველ ტაიმში გაიტანა კიდევ, მაგრამ VAR-მა გოლი გააუქმა. მეორე ნახევარში კი, სადიო მანემ წესების დაცვით გაიტანა და ანგარიში გახსნა. მიუხედავად ამისა, როი ჰოჯსონოს გუნდი მაინც ახლოს იყო ქულასთან და „ლივერპულიც“ ქულების დაკარგვასთან, რადგან ვილფრიდ ზაჰამ სენეგალელის გოლი გაქვითა. და მაინც, მერსისაიდელებს ვერმოგება არ ეწერათ, ჩვეული სცენარით, მატჩის მიწურულს გატანილი გოლით „ლივერპულმა“ მოიგო და 37 (39 შესაძლებლობიდან) ქულით ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს.

„წითლებს“ კვალში „ლესტერი“ უდგას. ბრენდან როჯერსის გუნდმა კიდევ ერთი გამარჯვება „ბრაიტონთან“ მოიპოვა. „მელიების“ აქტივში 29 ქულაა და „ლივერპულთან“ ჩამორჩენა კი სოლიდურია, მაგრამ „სიტისაც“ ზემოდან დაჰყურებს და „ჩელსისაც“.

„ლესტერისგან“ განსხვავებით რთულ დღეშია ლონდონის „არსენალი“, რომელიც ტურიდან ტურამდე სცილდება ოთხეულს და არავინ იცის, უნაი ემერი სამსახურს როდემდე შეინარჩუნებს. „მეთოფეებმა“ „ემირეითსზე“ აწ ნახსენები „ლესტერისგან“ საშვილიშვილოდ შერცხვენილი „საუთჰემპტონი“ მიიღეს და რომ არა, ალექსანდრ ლაკაზეტის ბოლო წუთზე გატანილი გოლი უქულოდ დარჩებოდნენ - 2:2. ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 8 ქულითაა დაშორებული.

„ვესტ ჰემი“ – „ტოტენჰემი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 სონი (36), 0:2 ლუკას მოურა (43), 0:3 კეინი (49), 1:3 ანტონიო (73), 2:3 ოგბონა (90)

„ბორნმუთი“ – „ვულვზი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 მოუტინიო (21), 0:2 ხიმენესი (31), 1:1 კუქი (59)

„არსენალი“ – „საუთჰემპტონი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ინგსი (8), 1:1 ლაკაზეტი (18), 1:2 პროუსი (71), 2:2 ლაკაზეტი (90)

„ბრაიტონი“ – „ლესტერი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 პერესი (64), 0:2 ვარდი (82, პენ)

„კრისტალ პალასი“ – „ლივერპული“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 მანე (49), 1:1 ზაჰა 82), 1:2 ფირმინო (85)

„ევერტონი“ – „ნორვიჩი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ქენთველი (55), 0:2 სრბენი (90)

„უოტფორდი“ – „ბარნლი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ვუდი (53), 0:2 ბარნსი (82, პენ), 0:3 ტარკოვსკი (88)

„მანჩესტერ სიტი“ – „ჩელსი“ 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 კანტე (21), 1:1 დე ბრუინი (29), 2:1 მაჰრეზი (37)

0.238939