კალათბურთი

0:35 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისმა" სუპერლიგის მე-7 ტური "მგზავრების" ძლევით გახსნა

სუპერლიგის მე-7 ტური დღეს ქუთაისში დაიწყო. იმერეთის დედაქალაქში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ “მგზავრები” ჩავიდა, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა და დღევანდელი მატჩის შემდეგ ასეც დარჩა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” მძლავრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ იმხელა უპირატესობა შეიქმნა, რომ გამარჯვებამდე მისვლა არ გასჭირვებია. მატჩი ქუთაისელებმა 87:77 მოიგეს და მიმდინარე სუპერლიგაში გამართული მე-6 მატჩში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.

თამაშის დებიუტშივე მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ჯეიმს მილიკენის ლიდერობით ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 25:13 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და სწრაფი კონტრშეტევებით, რასაც ზუსტ შორ სროლებსაც უნაცვლებდნენ, დიდი უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი 55:30 იგებდა და გამარჯვებაც ფაქტობრივად განაღდებული ჰქონდა.

მართალია, “მგზავრებმა” თამაში გამოასწორა და მომდევნო ორივე პერიოდი – შესაბამისად 27:16 და 20:16 მოიგო, მაგრამ თამაშის შემოტრიალებას ეს არ ეყო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 მატჩი წააგო და დაკარგული ქულებით ჯერჯერობით ბოლო ადგილზე იმყოფება.

გამარჯვებულებს 31 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით ჯეიმს მილიკენმა ულიდერა. 14 ქულა დააგროვა შონ რაუნდთრიმ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “მგზავრებში” 20 ქულით საუკეთესო იყო დარელ ქომსბი, 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ტაჯ სპენსერის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მე-7 ტურის 3 მატჩი ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ქუთაისი – მგზავრები
სტატისტიკა: 87:77

gbf.ge

0.115897