საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა კარგად აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ნახევარფინალურ მატჩზე ფიქრია საჭირო.
„ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში. ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას", - განაცხადა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ასევე თბილისში, ჩრდ. მაკედონიას ან კოსოვოს შეხვდება.