ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ტრავმის გამო ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მაურიციო სარიმ გაავრცელა.
„კრიშტიანუ 99%-ით „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს. ნაკრებიდან დაბრუნებულმა გვითხრა, რომ ტკივილს გრძნობს, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აწუხებდა. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა და ინდივიდუალურად გააგრძელებს მზადებას. ჩვენი მიზანია, რომ სამშაბათს, „ატლეტიკოსთან“ თამაში შეძლოს“, - თქვა სარიმ.
ცოტა ხნის წინ ტურინელთა განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც პორტუგალიელი არ ფიგურირებს, შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტა“ – „იუვენტუსის“ მატჩი 23 ნოემბერს გაიმართება. რონალდუ კი, მიმდინარე სეზონში მესამე თამაშს გამოტოვებს.