ჭადრაკი

21:24 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნანა იოსელიანის თასი საგარეჯოში დაბრუნდა

ძალიან კარგ ტრადიციას დაუდო სათავე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, კახეთის, კონკრეტულად კი გურჯაანის ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად. წელს უკვე მესამედ ჩატარდა ნანა იოსელიანის თასის გათამაშება რეგიონის ნაკრებ გუნდებს შორის.

წლეულს ტურნირი 14 წლამდელთა შორის გაიმართა. პირველი შთაბეჭდილებით მასპინძლების გუნდი წლეულს ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფორტუნისა თუ საგარეჯოელთა მონდომებისა და ოსტატობის გამო, მათ ვერ შეძლეს თასის გურჯაანში დატოვება.

პირველ ტურში საგარეჯოელები სიღნაღის სუსტ გუნდს შეხვდნენ და 5:1 გაიმარჯვეს, თელავმა კი მოულოდნელად ფრედ ითამაშა ლაგოდეხის გუნდთან. ამ უკანასკნელს სამი ძლიერი მოჭადრაკე ჰყავს, განსაკუთრებით კი ტყუპი დები ანა და მარია ლიმარები გამოირჩევიან. მათ ერთგვარ ეშმაკობასაც მიმართეს _ ძლიერი მოჭადრაკეები ბოლო დაფებზე დასვეს, ანუ მეტოქის ძლიერ მოჭადრაკეებთან სუსტები დასვეს, ხოლო ძლიერებმა მეტოქის ყველაზე `სუსტ წერტილებს~ შეუტიეს. მათმა ამ ტაქტიკამ გასულ წელს საგარეჯოსთან გამოიღო შედეგი და ფრეს მიაღწიეს 3:3, ამჟამად კი თელაველებს დააკარგვინეს ქულები (3:3).

მეორე ტურში საგარეჯოელები უკვე თელაველებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დრამატულად წარიმართა, პირველი პარტიები თელაველებმა მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ აქაც ფრე _ 3:3 დაფიქსირდა.

გადამწყვეტი გამოდგა მეხუთე ტურის შეხვედრა გურჯაანსა და საგარეჯოს შორის, სადაც საგარეჯოელმა მოჭადრაკეებმა, შეიძლება ითქვას, გაანადგურეს გურჯაანის გუნდი _ 5:1 და ფაქტობრივად გაინაღდეს პირველი ადგილი. თავიანთი პარტიები მოიგეს: ლევან დალბაშვილმა (I დაფა), ზუკა გამრეკელაშვილმა (II დაფა), ფართლი საბრიმ (III დაფა), ნინი ესაიაშვილმა (გოგონების I დაფა) და მარიამ აგულაშვილმა (გოგონების II დაფა). მხოლოდ გუნდის დებიუტანტმა, ყველაზე პატარა მონაწილემ 7 წლის შიო შიოშვილმა დათმო თავისი პარტია და პრესტიჟის ქულა მოაპოვებინა გურჯაანელებს.

ამის შემდეგ იყო თელავისა და გურჯაანის გუნდების შეხვედრა. თელაველებს გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ჰქონდათ პირველი ადგილის დაკავების შანსი (თუ საგარეჯო ბოლო ტურში ქულას დაკარგავდა ლაგოდეხთან), მაგრამ ეს შეხვედრა ფრედ _ 3:3 დასრულდა.

ბოლო ტურში საგარეჯოელები ლაგოდეხის გუნდს შეხვდნენ. თავიანთი პარტიები სწრაფად მოიგეს ნინი ესაიაშვილმა, ლევან დალბაშვილმა და მარიამ აგულაშვილმა (ამ უკანასკნელმა ლაგოდეხელთა ერთ-ერთი იმედი _ 14 წლის გოგონა დაამარცხა; მარიამი 8 წლისაა) და ფაქტობრივად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. მართალია შიო შიოშვილმა დათმო თავისი შეხვედრა, მაგრამ დებმა ლიმარებმა ვერ შეძლეს ზუკა გამრეკელაშვილისა და ფართლი საბრის დამარცხება (ეს შეხვედრები ყაიმით დასრულდა) და საგარეჯომ 4:2 გაიმარჯვა.

ბოლოს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. გამარჯვებულებს თასი, ოქროს მედლები და 200 ლარიანი ვაუჩერები გადასცეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და დიდოსტატმა ნანა იოსელიანმა. გარდა ამისა, მწვრთნელ ირაკლი ქვლივიძეს გადაეცა კახეთის ჭადრაკის ფედერაციის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის ჯიმი ჯავახიას სახელობის თასი, რომელიც იყო ამ ტურნირის მოწყობის ინიციატორი, თუმცა ოცნების ასრულებას _ ტურნირის ჩატარებას ვერ მოესწრო. ირაკლი ქვლივიძე ასევე გახდა გამარჯვებული გუნდის კაპიტნისათვის დაწესებული პრიზის _ 600 ლარის მფლობელი.

ასე, რომ ნანა იოსელიანის თასი ისევ საგარეჯოში დაბრუნდა.

ზურაბ აგულაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114281