ფეხბურთი

13:51 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მოურინიუ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელია

ჟოზე მოურინიუ ოფიციალურად გახდა ჩრდილოლონდონური „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი. კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტუგალიელის ყოველწლიური ჯამაგირი 15 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 17,5 მილიონი ევრო) იქნება - წერს Daily Mail.

„ძალიან გახარებული ვარ ასეთ სახელიან კლუბში რომ მომიწევს მუშაობა. მათ ხომ შესანიშნავი, გულიანი ქომაგები ჰყავთ. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ მუშაობას ფეხბურთელებთან და აკადემიის ახალგაზრდებთან.“ - განაცხადა „განსაკუთრებულმა.“

„ტოტენჰემის“ პრეზიდენტი, დანიელ ლევი: „ჟოზეს მოწვევით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი მივიღეთ. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეუძლია გუნდს მოტივაცია გაუჩინოს და შესანიშნავი ტაქტიკოსია. ჟოზეს ყველა კლუბში მოუგია ტიტული, სადაც კი უმუშავია. ვიმედოვნებთ, მასთან ერთად „ტოტენჰემი“ მრავალ ჯილდოს მოიპოვებს.“

საინტერესოა, რომ სტატისტიკურ პორტალ Opta-ს ცნობით, კარიერის მანძილზე მოურინიუს ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ სწორედ „ტოტენჰემი“ დაუმარცხებია.

მოუს ბოლო სამუშაო ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, საიდანაც ის ცუდი შედეგების გამო 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ „ტოტემჰემმა,“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლების შესახებ გუშინ, 19 ნოემბერს გამოაცხადა. 11 საათში კი ახალ დამრიგებლად მოურინიუ დანიშნა.

„ტოტენჰემი“ მიმდინარე პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ, 14 ქულით, ცხრილში მე-14 ადგილზეა.

0.11295