ფეხბურთი

23:10 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტესტი ერთა ლიგამდე: მარცხი ბრძოლაში

გაცვეთილი ფრაზაა - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. საქართველოს ნაკრებმა ოთხი დღის წინ შვეიცარიაში მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ახლა ხორვატიასთან ექსპერიმენტალური შემადგენლობით, ამის თქმა უფრო რთულია. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

ბრძოლა იყო თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო სამ წუთში ხორვატიის ნაკრები საკუთარ საჯარიმოში ბურთის მოგერიებას ცდილობდა და ოთარ კიტეიშვილს მაგარი მომენტიც ჰქონდა. რომ არა, მილან ბადელის კარგი გარჯა, იქნებ ანგარიშიც გათანაბრებულიყო.

იქამდე კი, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონს 7 წუთის განმავლობაში ამარცხებდა. ბუნებრივია, მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, ორივე გუნდის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იყო და ახალ სახეებს მიეცათ შანსი.

დასაწყისში ოთარ კაკაბაძეს ივან პერიშიჩი სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ ორჯერ გიორგი მაკარიძემ ჩინებულად ითამაშა. სამაგიეროდ, შემდეგ კაკაბაძემ შეტევაში დაჯაბნა პერიშიჩი და ჯაბა ჯიღაურს იდეალური პასიც გაუკეთა. ჩვენს შემტევს გოლის გატანა მართებდა, მაგრამ ვერ ივარგა და ანგარიში უცვლელი დარჩა. სულ რამდენიმე წუთით, რადგან გიორგი პაპუნაშვილის დარტყმამ მიზანს მე-18 წუთზე მიაღწია. შეცდა მასპინძელთა კარის დარაჯი ლოვრე კალინიჩი, რომელმაც უხეში შეცდომა დაუშვა.

თუმცა, ხორვატებს დიდხანს არ უდარდიათ, 25-ე წუთზე გაათანაბრეს. ორშიჩის სტანდარტის შემდეგ გურამ კაშიამ არადამაჯერებლად ითამაშა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ხორვატიის ნაკრების სათამაშო უპირატესობა ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგრამ შესვენებაზე გუნდები მაინც საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზე კი, პერიშიჩმა მაკარიძეს მაინც აჯობა, როდესაც ფლანგურ ჩაოწდებას თავით გამოეხმაურა. ბალკანელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ხან არაზუსტად ირჯებოდნენ, ხანაც მაკარიძე იყო მოწოდების სიმაღლეზე. მატჩის ბოლო ნაწილმა კი, ჩვენი უპირატესობით ჩაიარა. ორი შანსი ჰქონდა ოთარ კიტეიშვილს, განსაკუთრებით 89-ე წუთზე, მეორე ეპიზოდი უნდა გამოვყოთ, მაგრამ ბადელი პრაქტიკულად კარის ხაზზე გადაეღობა მის დარტყმას და ხორვატიას მოაგებინა.

საქართველოს ნაკრებმა კი, 2019 წელი მაჟორულ ნოტაზე ვერ დაასრულა და ერთა ლიგის ნახევარფინალამდე ბოლო სპარინგიც გამართა. ახლა 5-თვიანი პაუზა იქნება და 26 მარტს, უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება თბილისში, ბელარუსის ნაკრებთან.

ხორვატია - საქართველო 2:1 (1:1)

პულა, „ალდო დროსინა“

ხორვატია (4-5-1): კალინიჩი (სლუგა 46); ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), იედვაი (ჩალეტა-ცარი 46), სკორიჩი, მალნიაკი; რებიჩი, პაშალიჩი (პერიჩი 76), ბადელი, კოვაჩიჩი (ვლაშიჩი 65, ბარიშიჩი 80), პერიშიჩი; ორშიჩი (როგი 46)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი; აბურჯანია, გვილია (ქვილითაია 83); პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 64), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 87), ჯიღაური; ლობჯანიძე (არაბული 51)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (18), 1:1 კაშია (25, ა.გ), 2:1 პერიშიჩი (54)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 10 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ალან მარიო სანტი (მალტა)

0.131962