ფეხბურთი

1:39 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელების კომენტარი: "ეს მატჩი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ვაკო გვილიამ, ლევან შენგელიამ და ოთარ კიტეიშვილმა ხორვატიასთან მატჩამდე ისაუბრეს. გვილია ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე იახლა, ხოლო კიტეიშვილმა და შენგელიამ ვარჯიშის დასრულების შემდეგ გააკეთეს კომენტარი.

სამივე ფეხბურთელი ხორვატიის სიძლიერეს აღნიშნავს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ მთავარი ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის სამზადისია.

ვაკო გვილია: "პირველ რიგში, მსურს, რომ ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. ხვალ წლის ბოლო შეხვედრას გავმართავთ, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და გვსურს, რომ ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, რომ წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ“.

ლევან შენგელია: "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიის მატჩს სწორედ ბელარუსის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეტევაში და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

ოთარ კიტეიშვილი: "შვეიცარიის წინააღდეგ ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ. ხორვატიის წინააღმდეგ მარტის თამაშებამდე ბოლო მატჩს გავმართავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ".

შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს ამხანაგური მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.154375