ფეხბურთი

23:14 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: დრამატული მარცხი და დიდი ვნებათაღელვა სლოვაკეთში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიჯრით მესამე მარცხი განიცადა. გია ცეცაძის გუნდი ქალაქ ნიტრაში სლოვაკეთს ესტუმრა და კვლავ დრამატულ ბრძოლაში წააგო.

შეხვედრა საქართველოსთვის იდეალურად დაიწყო და მერვე წუთზე ნიკოლოზ მალის ჩინებული პასი გიორგი კუციამ არანაკლები დარტყმით დააგვირგვინა - 0:1. იქამდე იყო გიორგი კოხრეიძის საგოლე მომენტიც. მოკლედ, გოლი ლოგიკურად გავიდა და საწყის წუთებში საქართველო მეტოქეს ცალსახად აღემატებოდა.

თუმცა, დროის გასვლასთან ერთად სლოვაკებმა მოახერხეს თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება და 28-ე წუთზე კარგი კომბინაციის შემდეგ კოლეშარმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა კიდეც. ტაიმის მიწურულს კი, საქართველოს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ალმასთან ბრძოლაში ლუკა ლოჩოშვილმა თამაშის წესი დაარღვია და ალბანელმა არბიტრმა გააფრთხილა. ვინაიდან, ეს ლუკასთვის მეორე ყვითელი ბარათი იყო, ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

მეორე ნახევარის სტარტზე კი, ჰერცის შორეულმა დარტყმამ მიზანს უწია და მასპინძლები დაწინაურდნენ. ცოტა ხანში უკვე გამბოსმა მოახერხა ეფექტური გოლის გატანა და ანგარიშის სხვაობა უფრო სოლიდური გახდა.

„პატარა ჯვაროსნები“ თამაშში მატჩის მიწურულს დაბრუნდნენ. იქამდე, მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობა აღდგა, რადგან პოკორნიც მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. მალევე, ნიკა ნინუას სტანდარტს ნუგზარ სპანდერაშვილის გოლი მოჰყვა - 3:2. კიდევ რჩებოდა დრო და საქართველოს ორი მომენტი ჰქონდა. ჯერ ნინუას სახიფათო ჯარიმა მეკარემ მოიგერია, ხოლო ამ ეპიზოდს კუთხური მოჰყვა და სლოვაკებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი. ეს ბოლო შანსი იყო, რომელმაც ქართველებს მიეცათ.

ბოლოს, სათადარიგო სკამზე ორივე გუნდის წევრებს დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად, გია ცეცაძე გააძევეს, რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო და მსაჯის მიმართაც გამოირჩა უხეში საქციელით. საბოლოოდ, თამაში გაგრძელდა, მაგრამ საქართველო ზედიზედ მესამე მარცხს ვერ გადაურჩა.

საქართველოს ნაკრებს ხუთი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და აზერბაიჯან-სლოვაკეთთან ერთად მესამე-მეხუთე პოზიციებს იყოფს. მომდევნო მატჩს კი, ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს თბილისში, სწორედ სლოვაკეთთან ჩაატარებს.

სლოვაკეთი (U21) - საქართველო (U21) 3:2 (1:1)

ნიტრა, „ზობორომი“

სლოვაკეთი (U21) (4-3-3): შიპოში; ვალო, შულეკი, ორავეცი, მოიზისი; გამბოსი, პოკორნი, ჰერცი (სპირკა 68); კოლეშარი (დურისი 58), ალმასი, ჩობოტი (კოვალი 90)

მწვრთნელი: ანდრეი გულა

საქართველო (U21) (3-4-3): გუგეშაშვილი; ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური; მალი (სპანდერაშვილი 59), კუცია, ქოჩორაშვილი (ნინუა 59), ტაბატაძე; კვარაცხელია (სილაგაძე 43), კოხრეიძე (ქავთარაძე 59), დავითაშვილი (ბუღრიძე 59)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 0:1 კუცია (8), 1:1 კოლეშარი (28), 2:1 ჰერცი (52), 3:1 გამბოსი (66), 3:2 სპანდერაშვილი (89)

გაფრთხილება: შულეკი (25), ჰერცი (62), პოკორნი (73, 83), ალმასი (79) - ლოჩოშვილი (25, 40), კუცია (76), ტაბატაძე (86)

გაძევება: პოკორნი (83) - ლოჩოშვილი (40)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 15 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ელდორიან ჰამიტი (ალბანეთი)

0.117621