ფეხბურთი

17:33 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოიატა = ბატშუაი: ბელგიელი ფეხბურთელის კურიოზი რუსეთში

ბელგიის ნაკრების მცველი დედრიკ ბოიატა რუსეთთან მატჩში მოედანზე მიჩი ბატშუაის მაისურით გავიდა. უცნაური შემთხვევა გუშინ, სანქტ-პეტერბურგში გამართულ დაპირისპირებაში მოხდა.

ბოიატას 4-ნომრიანი შორტი ეცვა, მაგრამ მაისურზე 23 ნომერი და ზურგზე ბატშუაი ეწერა. უნებლიე შეცდომა ვერც თავად ბერლინის „ჰერტას“ მცველმა შენიშნა და ვერც სხვა ბელგიელმა ფეხბურთელებმა თუ სტაფის წარმომადგენლებმა.

შედეგად, ბოიატამ ბატშუაის მაისურით მოედანზე 45 წუთი გაატარა და მხოლოდ შესვენების შემდეგ გამოასწორა შეცდომა... სხვათა შორის, ბატშუაიმ თანაგუნდელის შეცდომაზე სოციალური ქსელით იხუმრა და თქვა, რომ დედრიკმა ოცნება აიხდინა, რომ მისი მაისურით ითამაშა.

77-ე წუთზე მინდორზე ნამდვილი ბატშუაიც გამოჩნდა, ხოლო ბელგიამ მატჩი ადვილად, 4:1 მოიგო.

0.118608