ფეხბურთი

3:01 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის ოთხი ბილეთი გათამაშდა: 2014 წლის შემდეგ ჰოლანდია დაბრუნდა!

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მორიგი ოთხი მონაწილე შეემატა - გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია. უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიის ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმს 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაუბრუნდა.

C ჯგუფი

C ჯგუფში მოლიდინისამებრ ფავორიტებმა მოახერხეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. გერმანიის ნაკრებმა ბელარუსს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ „ბუნდესნაკრებს“ მრისხანე წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწია, მაგრამ მეორე ნახევარში ვერაფერი გააწყო და განადგურდა. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა 18 ქულას მოუყარა თავი და ჯგუფს ლიდერობს.

ბელფასტში კი, ჩრდილოეთ ირლანდიას ჰოლანდიასთან აუცილებლად უნდა მოეგო, რომ შანსი შეენარჩუნებინა, მაგრამ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა. მერე ჰოლანდიელებმა თავი ჩინებულად დაიცვეს და უგულო ფრით ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. სხვათა შორის, ჰოლანდიის ნაკრები 2014 წლის შემდეგ დიდ საფეხბურთო ფორუმზე პირველად გავიდა. ჯგუფში კი, ბოლო ტურმა ფორმალობის სახე მიიღო.

გერმანია - ბელარუსი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 გინტერი (41), 2:0 გორეცკა (49), 3:0 კროოსი (55), 4:0 კროოსი (83)

ჩრდ. ირლანდია - ჰოლანდია 0:0 (0:0)

E ჯგუფი

მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ბალკანელებმა შინ სლოვაკეთი უპრობლემოდ დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს. ხორვატები ახლა საქართველოსთან მატჩს დიდებულ განწყობაზე ხვდებიან.

პარალელურად, უელსმა აზერბაიჯანი 2:0 დაამარცხა და ბრძოლაში დარჩა. საერთოდ, მეორე ადგილისთვის გააფთრებული ბრძოლაა - უნგრეთი, უელსი და სლოვაკეთი შანსს ინარჩუნებენ და მათ ერთმანეთისთგან ერთადერთი ქულა ჰყოფთ.

ბოლო ტურში უელსი უნგრეთს მასპინძლობს, სლოვაკეთი - აზერბაიჯანს.

აზერბაიჯანი - უელსი 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 მური (10), 0:2 ვილსონი (34)

ხორვატია - სლოვაკეთი 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბოზენიკი (32), 1:1 ვლაშიჩი (56), 2:1 პეტკოვიჩი (60), 3:1 პერიშიჩი (74)

G ჯგუფი

G ჯგუფიდან პოლონეთის ნაკრების ბედი უკვე გარკვეული იყო, მაგრამ ისრაელში ჩავიდა და ისევ მოიგო. პოლონელთა დარად ჯგუფიდან ავსტრიის ნაკრებიც გავიდა, რომელმაც შინ ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობა (2:1) და დიდ საფეხბურთო ფორუმზე დაბრუნდა. შესაბამისად, ამ ჯგუფში ბოლო ტურს არავითარი სატურნირო დატვირთვა აღარ აქვს.

სლოვენია - ლატვია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ტარასოვსი (53, ა.გ)

ავსტრია - ჩრდ. მაკედონია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ალბა (7), 2:0 ლაინერი (48), 2:1 სტოიანოვსკი (90)

ისრაელი - პოლონეთი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კრიხოვიაკი (4), 0:2 პიონტეკი (54), 1:2 დაბური (88)

I ჯგუფი

და ბოლოს, I ჯგუფი, საიდანაც ორივე გამსვლელი გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაირკვა. სწორედ ჯგუფის ლიდერები, რუსეთი და ბელგია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და „წითელმა ეშმაკებმა“ მეტოქეს თავბედი აწყევლინეს. დუბლი შეასრულა ედენ აზარმა, რომელსაც უმცროსი ძმა, ტორგანიც არ ჩამორჩა და მანაც შეძლო თავის გამოჩენა. რუსების მხრიდან კი, პრესტიჟის გოლი გიორგი ჯიქიას ანგარიშზეა.

კვიპროსი - შოტლანდია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კრისტი (12), 1:1 ეფრემი (47), 1:2 მაკგინი (53)

რუსეთი - ბელგია 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ტ. აზარი (19), 0:2 ე. აზარი (33), 0:3 ე. აზარი (40), 0:4 ლუკაკუ (72), 1:4 ჯიქია (79)

სან მარინო - ყაზახეთი 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 ჟაინუტდინოვი (6), 0:2 სუიუმბაიევი (22), 0:3 შჩეტკინი (26), 1:3 ბერარდი (77)

თეგებიევრო 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.246342