შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებმა საქართველოსთან მძიმე გამარჯვების შემდეგ (1:0) ისაუბრეს. მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ მძმე თამაში ჰქონდათ და კმაყოფილები არ არიან, განსაკუთრებით მეორე ტაიმით.
მაგალითად, შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, გამოცდილი მცველი სტეფან ლიხშტაინერი ამბობს, რომ ცეცხლთან თამაშობდნენ და ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან. საგოლე პასის ავტორმა დენის ზაკარიამ კი, აღნიშნა, რომ თავიდანვე იცოდნენ, კარგი გუნდის წინააღმდეგ რომ უწევდათ თამაში. "არსენალის" ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის თამაში კარგად შეუძლია.
დენის ზაკარია: „რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ კარგი გუნდის წინააღდეგ ვთამაშობდით და ეს იყო ძალიან რთული თამაში. მაგრამ საბედნიეროდ გატანა მოვახერხეთ, რომელმაც თამაში მოგვაგებინა. იტენის გოლი ძალიან გამიხარდა, რადგან ჩემი მეგობარია“.
სტეფან ლიხშტაინერი: „დიახ, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში აგრესია გვაკლდა. რამდენიმე ორთაბრძოლაც წავაგეთ... არ შეიძლება კმაყოფილი ვიყოთ ჩვენს მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით. ცეცხლთან ვთამაშობდით. ეს გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან ყოველთვის ასე არ იქნება, როგორც ამ საღამოს. ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და უნდა ვიმუშაოთ".
სედრიკ იტენი: „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოგება შევძელით. ჩემს სტადიონზე გავიტანე გოლი, უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავია. დავინახე, რომ ზაკარია ჩაწოდებას აპირებდა და გავიხსენი. დაუვიწყარი მომენტი იყო“.
გრანიტ ჯაკა: „მწვრთნელმა გვითხრა, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. საქართველოს არის გუნდი, რომელსაც ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლია და თავდაჯერებელია. მეორე ტაიმში ძალიან გახსნილები ვიყავით, რის გამოც საქართველომ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა, ასეთი გამარჯვება ჩვენთვის კარგია. თითქმის ნათელი იყო, რომ ასეთ სტილში წარიმართებოდა თამაში, ეს ფეხბურთია. სედრიკ იტენი ძალიან კარგად მუშაობს და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სადებიუტო გოლი გაიტანა“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში გამოსვლა 8 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. 2019 წლის ბოლო მატჩს კი, პულაში, ხორვატიასთან ჩაატარებს.