ფეხბურთი

1:50 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხარისხი იყო, შედეგი - არა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. ვლადიმირ ვაისმა D ჯგუფის დასკვნითი მატჩი სენტ გალენში შვეიცარიასთან ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ღირსეულად იბრძოლა, წაგებას მაინც ვერ გადაურჩა.

ვლადიმირ პეტრკოვიჩის გუნდი მთლიანობაში უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ არც ქართველებს დაუდიათ ტოლი და განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ბედის ირონიაა, რომ ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრებმა სწორედ იმ დროს გაუშა, როცა თამაშის სადავეებს თავად ფლობდა და მეტოქის მცველებსაც ხშირად აწუხებდა.

პირველ ნახევარში გიორგი ლორიამ დიდებულად ითამაშა, გუნდი ხუთჯერ იხსნა გოლისგან. თუმცა, ყველაზე რეალური მომენტი საქართველოს ჰქონდა. გიორგი ქვილითაია ახლო მანძილიდან ემუქრებოდა იან სომერის კარს და გაიტანდა კიდეც, რომ არა უიღბლობა - შვეიცარია ძელმა იხსნა.

შესვენების შემდეგ „ჯვაროსნებმა“ კიდევ უფრო თამამად შეუტიეს, ლევან შენგელია შორეული დისტანციიდან ემუქრებოდა მასპინძლებს და ერთხელ მართლაც სანტიმეტრები დააკლდა მიზნამდე. ისევე, როგორც ცოტა ხანში ვაკო ყაზაიშვილს. ოთარ კიტეიშვილის დარტყმა კი, იან სომერმა მოიგერია. სწორედ ამ დროს, როდესაც ვლადიმირ ვაისის გუნდმა თამაში გააკონტროლა, სომერიც ანერვიულდა, შვეიცარიამ თამაში მოიგო. 77-ე წუთზე დენის ზაკარიას ჩაწოდება ცვლილებაზე შესულმა სედრიკ იტენმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. იტენი „სენტ გალენის“ შემტევია და ეროვნულ ნაკრებს მშობლიურ სტადიონზე მოაგებინა. უნდა აღინიშნოს დაცვის ხაზის ძალიან უყურადღებო თამაში. იტენი აბსოლუტურად მარტო იდგა და რატომღაც არავინ იყვანდა. გარდა იმისა, რომ თავისუფლად იდგა შვეიცარიელთა შემტევი ჩვენს საჯარიმოში, უცნაური იყო მცველთა განლაგებაც - მაგალითად, ოთარ კაკაბაძე უფრო ცენტრისკენ იყო შეწეული, გურამ კაშია კი, პირიქით ფლანგისკენ. ასე იყო, თუ ისე, დაცვაში დაულაგებლებმა პოზიციურმა თამაშმა მატჩი წაგვაგებინა. დარჩენილ დროში ოდენ ვაკო ყაზაიშვილის მეტნაკლებად სახიფათო დარტყმა უნდა გამოვყოთ, რომელსაც სომერი ადვილად გაუმკლავდა.

ვერ ვიტყვით, რომ ვაისის გუნდმა სენტ გალენში წაგება დაიმსახურა და ალბათ ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, მომენტებს გამოყენება უნდა და მითუფრო, საქართველოს დონის გუნდებისთვის თითოეულ საგოლე შანსს დიდი მნიშვნელობა აქვს. შედეგად, 1:0 და საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დაასრულა. 2 მოგება (ორივე გიბრლარტართან, 2 ფრე (დანია, ირლანდია), 4 წაგება, 7:11 ბურთების ბალანსი, 8 ქულა და მეოთხე ადგილი.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს ხორვატიაში, ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს და ეს თამაში 19 ნოემბერს, ქალაქ პულაში გაიმართება. შემდეგ კი, ჯერი ერთა ლიგაზე დადგება, მარტში, თბილისს ბელარუსის ნაკრები ესტუმრება და „ჯვაროსნებს“ უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება მოუწევთ.

შვეიცარია - საქართველო 1:0 (0:0)

სენტ გალენი, „კიბუნპარკი“

მაყურებელი: 16 400

შვეიცარია (3-4-2-1): სომერი; ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ლიხშტაინერი, ზაკარია, ჯაკა, სტეფენი; ფერნანდესი (სოუ 84); აჯეტი (იტენი 71), ვარგასი (ფასნახტი 78)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხოჭოლავა; კანკავა, კიტეიშვილი (გვილია 84); შენგელია, ყაზაიშვილი, დავითაშვილი (პაპუნაშვილი 84); ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 1:0 იტენი (77)

გაფრთხილება: სტეფენი (74) - ხოჭოლავა (29), კანკავა (31)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 10 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

0.231638