ვალენსია - ატლეტიკო
დღეს ჩვენი დროით 18:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. “მესტალიაზე” ადგილობრივი გუნდი მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.
კლუბებმა სეზონი კარგად დაიწყეს და მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ. თუ დიეგო სიმეონეს გუნდისგან მოსალოდნელი შედეგი იყო, ნუნუ ესპირიტო სანტოს შეგირდებისგან ბევრი ამას არ მოელოდა. “ვალენსია” შესანიშნავად გამოიყურება და ამ მომენტისთვის 4 მოგება და 2 ფრე აქვს. კლუბმა 14 გოლის გატანა მოახერხა და მხოლოდ 3 გაუშვა. შესანიშნავად მოერგო “ლოს ჩეს” არგენტინელი მცველი, ნიკოლას ოტამენდი, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდა უმალ. ჩინებულად გამოიყურება 19 წლის მარცხენა მცველი, ხოსე ლუის გაია, 21 წლის ნახევარმცველი ანდრე გომეში და მისი თანატოლი პაკო ალკასერი, რომელსაც 4 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული. მისი და როდრიგო მორენოს თამაში ვისენტე დელ ბოსკემ დააფასა და ორივენი ნაკრებში არიან გამოძახებულნი. “ღამურებს” ერთადერთი ტრავმირებული ალვარო ნეგრედო ჰყავთ, რომელიც მალე დაუბრუნდება მინდორს. უნდა ითქვას, რომ “ვალენსიას” ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელთა საერთო ასაკიც 24 წელია.
3 მოგება და 3 ფრე, ამას დამატებული ესპანეთის მოგებული სუპერთასი “რეალთან” და ჩემპიონთა ლიგაზე 1 მოგება და 1 წაგება – მთლიანობაში “ატლეტიკოს” მაინც კარგი სტარტი გამოუვიდა, რადგან აბსოლუტურად ყველა ძლიერი გუნდი დაამარცხა, ვისაც აქამდე შეხვდა. მადრიდელებმა კვირის უკან “სევილია” გაანადგურეს (4:0), ხოლო ოთხშაბათს არდა თურანის გოლით დაამარცხეს “იუვენტუსი”. მადრიდელთა რიგებში სასიხარულო სიახლეა, კლუბს კაპიტანი გაბი დაუბრუნდა. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, კრისტიან ანსალდის სავარაუდოდ გილერმე სიკეირა შეცვლის და ძირითადში ასევე ანტუან გრიზმანი გამოჩნდება. სტუმრებს მარიო სუარესი დააკლდებათ ტრავმის გამო და საეჭვოა კრისტიან როდრიგესის თამაში, რომელიც ისედაც არაა ძირითადის მოთამაშე.
საერთო შეფასებით, ვიტყვით, გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდელები მოქმედი ჩემპიონები არიან, მაინც მათ აქვთ მცირე უპირატესობა. მაგრამ, გასათვალისიწინებელია ორი ფაქტორი, “ვალენსია” შინ ძალიან კარგად თამაშობს და “ატლეტიკოსგან” განსხვავებით, ევროტურნიერებზე არ მონაწილეობს. შესაბამისად, “ღამურები” ამ შეხვედრას უფრო დასვენებულები და მონდომებულები ხვდებიან.
ორიოდე სიტყვას გეტყვით, შეხვედრის მთავარ მსაჯზეც – ტეიშეირა ვიტიენესი 43 წლის კანტაბრიელი არბიტრია, რომელიც 2003 წლიდან უძღვება ლა ლიგის შეხვედრებს, ხოლო 2009 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯია.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-3-3): ალვეში, ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია, ფუეგო, პარეხო, გომეში, როდრიგო, პიატი, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, სიკეირა, გაბი, ტიაგო, თურანი, კოკე, გრიზმანი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
რაიო ვალეკანო – ბარსელონა
წინა შეხვედრის დასრულებისთანავე, “ესტადიო ვალეკასზე” “რაიოსა” “ბარსელონას” შეხვედრა დაიწყება.
მადრიდელებმა ჩემპიონატი ნორმალურად დაიწყეს და 6 შეხვედრაში 8 ქულის მოპოვება მოახერხეს. კლუბმა ბოლო ორ მატჩში ზედიზედ იმარჯვა და მე-9 პოზიციამდე აღზევდა. შესანიშნავ ფორმაშია მასპინძელთა თავდამსხმელი, ლეო ბაპტიშტაო, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა და მისი დამსახურებით, “რაიომ” 6 ქულა აიღო. მასპინძლებს კრისტიან ალვარესი და ზე კასტრო დააკლდებათ.
სამშაბათს მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და გოლი გაუშვა “ბარსელონამ”, ოღონდ არა ლა ლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე. “ბლაუგრანა” პარიზში პსჟ-სთან დამარცხდა 2:3. შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა ლუის ენრიკე და დღეს კატალონიელთა შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ძირითადში იქნებიან ბრავო, პიკე და მონტოია. “ბარსას” მასიპი, ვერმაელენი და სუარესი არ ეყოლება.
გეტყვით, რომ “რაიომ” “ბარსელონა” ბოლოს 2002 წლის 7 დეკემბერს დაამარცხა. მას შემდეგ კლუბები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და ყველა შემთხვევაში “ბლაუგრანა” გამოვიდა გამარჯვებული. ბურთების შეფარდება კი ასეთია: 32-1.
შეხვედრის მთავარი მსაჯი მატეუ ლაოსი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ტიტო, მორსილიო, ბა, ინსუა, ბაენა, ტრაშორასი, ლიკა, ბუენო, კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, მონტოია, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, პედრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ტურის სხვა მატჩები დღეს:
22:00 ეიბარი – ლევანტე
00:00 ალმერია – ელჩე
00:00 მალაგა – გრანადა
ასევე იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის ტურის ანონსი
http://www.worldsport.ge/ge/page/1827_la-ligis-vii-turis-anonsi