საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა მოახლოებული მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, შვეიცარიისა და ხორვატიის დონის ნაკრებებთან თამაში საქართველოს ნაკრებზე წაადგება ერთა ლიგის მატჩებამდე.
კვეკვესკირი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელო მატჩი არ არსებობს და მითუფრო, რომ ახლა ერთა ლიგისთვის ბოლო სამზადისია.
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.
ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს შანსი მიეცემა.
ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია.
მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ“, - ციტირებს კვეკვესკირის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, შვეიცარია - საქართველოს მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.