სხვა

13:00 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა მოიგო (+VIDEO)
გაგამარუ ვაკამოტოჰარუსთან დამარცხდა

კიუშუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. წლის ბოლო სუპერტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება კუბიჰინერის ილეთით მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი ორთაბრძოლის შემდგომ, რომლებიც შერკინებაში უპირატესობის მიუხედავად ტოჩიმ მაცდური ილეთებით დათმო, ბოლო შეხვედრებში საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-17 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც 10 ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა, 7-ში კი დამარცხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელსაც აქამდე 9-ჯერ შეხვედრია და მოგება-წაგების ბალანსი ლევანის სასარგებლოდ 6:3-ზეა. მიმდინარე ბაშოზე კი მომავალ მეტოქეს ლევანის მსგავსად ორი მოგების საპირისპიროდ ორი მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის, ამისთვის კი მან დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს.

ტოჩისგან განსხვავებით მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა. შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე გაგამარუ ვაკამოტოჰარუს შეხვდა და საკმაოდ ადვილად, იორიკირის ილეთით წააგო.

ჩვენებურმა შერკინება კარგად დაიწყო, თუმცა შემდგომ დანებდა და მეტოქეს მისი დოჰიოს მიღმა გადაყვანა არ გასჭირვებია.

გაგა ჯურიოს მე-11 ნომერს მესამედ შეხვდა და თუ პირველი ორ შეხვედრაში მისი დამარცხება მოახერხა, ახლა თავად დამარცხდა და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი მეტოქემ მინიმუმამდე დაიყვანა.

ამრიგად, ჯუღელს მიმდინარე ბაშოზე ერთი მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ შვიდის მოგება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითდება.

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ქართველი გოლიათი ჯურიოს მე-12 ნომერ აკუას შეხვდება, რომელსაც აქამდე ერთხელ, 2018 წლის სექტემბრის ბაშოზე შეხვედრია და მისი დამაცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104398