ფეხბურთი

20:44 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა

სახელოვან დინამოელთა რიგს კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა. 70 წლისა, კვირას, 60-70-იანი წლების თბილისის „დინამოს“ ცენტრალური მცველი, ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა.

კანთელაძე „დინამოში“ 12 წლის განმავლობაში თამაშობდა და იმ „ოქროს თაობის“ წევრი გახლდათ, რომელმაც საკავშირო არენაზე ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ორჯერ სსრკ-ის თასი. ხოლო საბჭოეთის იუნიორთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

1973 წელს, დინამოსთან ერთად, ცნობილი „კარაველას თასიც“ დაისაკუთრა.

194 სანტიმეტრი სიმაღლის, ჩინებულად თამაშობდა „მეორე სართულზე.“ საიმედო იყო. ხისტი. აუღელვებელი.

კარიერის დასრულების შემდეგ ერთ ხანს „ნორჩ დინამოელშიც“ მუშაობდა ვახტანგ კოპალეიშვილის დამხმარედ. იქიდან წამოსვლისას თქვა: ბავშვებს სიმკაცრე სჭირდებათ, მე კი მაგის კაცი არ ვარო.

მართლაც ძალიან მორიდებული და დარბაისელი კაცი იყო. ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო, რომ იტყვიან, ისეთი. ხალხში „ფირუზას“ ეძახდნენ.

მისდამი ჩემი პირველი შთაბეჭდილება 1976 წელს, საკავშირო თასის ფინალიდან იწყება. მაშინ „დინამომ“ ფინალში ერევნის „არარატს“ 3:0 მოუგო და ისტორიაში პირველად დაეუფლა პრიზს. გოლები დავით ყიფიანმა, რევაზ ჩელებაძემ და ფირუზ კანთელაძემ (პენალტით) გაიტანეს.

მერე სპეციალური კალენდრები გამოუშვეს ტრიუმფატორთა ფოტოებით. ერთზე ფინალის გმირები: ყიფიანი, ჩელებაძე და კანთელაძე იყვნენ გამოსახული. რატომღაც ყვითელი მაისურები ეცვათ. მახსოვს, ამოვჭერი და სამეცადინო მაგიდასთან დავკიდე. კარგა ხანს ეკიდა იქ.

იმავე 76-ის სექტემბერში რეკონსტრუციის შემდეგ, „დინამოს“ სტადიონი გაიხსნა. პირველი მატჩი თასების მფლობელთა თასის გახლდათ, უელსური „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ, რომელიც დინამოელებმა 3:0 მოიგეს. ამჯერად გოლები გუცაევმა, ყიფიანმა და... კანთელაძემ გაიტანეს. სტადიონიდან უბედნიერესი ვბრუნდებოდი, ჩემმა კედლის ფოტომ ორმაგი ღირებულება შეიძინა.

აღარც მახსოვს, ფირუზს მას შემდეგ გაუტანია თუ არა.

0.110393