საბერძნეთის სუპერლიგაში ბაჩანა არაბულმა მორიგი გოლები გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „პანიონიოსი“ მეათე ტურში „ქსანტის“ ესტუმრა და 2:1 იმარჯვა.
არაბულმა შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდი მნიშვნელოვან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან ორივე გოლი მის ანგარიშზეა. ქართველმა ფორვარდმა 53-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში ბაჩანამ ახლო მანძილიდან იხეირა.
საბერძნეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევმა 10 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში ჩვენებური მეორე ადგილზეა და ლიდერ სვიდერსკის (პაოკ) ერთი გოლით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ არაბული საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებს კარგ ფორმაში უერთდება.
„პანიონიოსი“ კი 2 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. წესით, რვა ქულა უნდა ჰქონდეს, მაგრამ სეზონის წინ 6 ქულა დააკლეს და „ვალებისთვის“ თავის დაღწევა მხოლოდ დღევანდელი გამარჯვებით მოახერხა.