ესპანეთის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა "ბარსელონას" მაისურით 550-ე მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში გახდა მეხუთე ფეხბურთელი, რომელმაც ამდენი შეხვედრა ჩაატარა პირველ გუნდში. ბუსკეტსი "სელტასთან" მოგებულ მატჩში მოედანზე 23-ე წუთზე ნელსონ სემედუს ნაცვლად შემოვიდა და 85-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.
ბუსკეტსი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2008 წლიდან ასპარეზობს. 550 მატჩში ფეხბურთელმა 14 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. სერხიოზე მეტი შეხვედრა "ბლაუგრანას" მაისურით კარლეს პუიოლს (593), ანდრეს ინიესტას (674), ლიონელ მესის (698) და ჩავი ერნანდესს (767) აქვთ ჩატარებული.