ფეხბურთი

16:11 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "საბურთალომ" - შანსი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის დავაში ვითარება უცვლელი დარჩა. „დინამო ბათუმის“ გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა „დინამო თბილისმა“ და ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.

თბილისური გუნდი „რუსთავს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო. ფელის ვისენტეს გუნდს გამარჯვენა მართლაც გაუჭირდა და მეტოქე ბოლოსკენ გატეხა. ანგარიში 76-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიკა ნინუას ჩინებული გადაცემით ზარია ხელსაყრელ პოზიციაში დარჩა და ნოდარ ქავთარაძეს ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია. ეს უმნიშვნელოვანესი გოლი იყო, რომელმაც ვინძლო საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მატჩის მიწურულს კი, უკრაინელმა ლეგიონერმა შიშკამ ანგარიშის სხვაობა სოლიდური გახადა - 0:2. შედეგად, „დინამომ“ 69 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ 2 ქულით გაასწრო. მომდევნო ტურში კი, გორის „დილას“ ესტუმრება.

დღესვე, ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა „საბურთალომ“, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება. მოქმედმა ჩემპიონმა უკვე გავარდნილი „ვიტ ჯორჯია“ ადვილად დაამარცხა - 3:1. „საბურთალო“ ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება და შანსი კიდევ აქვს, თუმცა, ცხადია, ეს შანსი არც ისე დიდია.

„რუსთავი“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ქავთარაძე (76), 0:2 შიშკა (89)

„საბურთალო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 კოხრეიძე (51), 2:0 გაბედავა (61), 3:0 გაბედავა (72), 3:1 მუსელიანი (84, პენ)

0.116687