10 ნოემბრიდან კიუშუ ბაშო იწყება, რომელსაც ფუკუოკა უმასპინძლებს და წლის ბოლო სუპერტურნირზე ტრადიციულად 2 ქართველი სუმოისტი ჩაებმება.
შემოდგომის მეორე ტურნირის დაწყებამდე კი იაპონიის სუმოს ასოციაციამ საწყისი დღეების განრიგიც გამოავლინა და უნდა ავღნიშნოთ, რომ ტოჩინოშინს საკმაოდ რთული ორთაბრძოლები ელის.
ტურნირის სტარტზე ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა მაისეი იქნება, რომელიც თუ წინა ტურნირზე ნაჩვენები შედეგით ვიმსჯელებთ (10 მოგება, 5 მარცხი) საკმაოდ კარგ ფორმაშია და ჩვენებურს ადვილი ბრძოლა არ ელის.
რაც შეეხება აღნიშნული წყვილის ურთიერთშეხვედრებს, აქამდე ტოჩი მას ერთხელ შეხვედრია და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
გორგაძის მეორე მეტოქე კი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 22 დაპირისპირებიდან 12 მოგება და 10 მარცხი აქვს.
გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბრის ბაშო ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი გამოდგა, და ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა, ახლა მის დასაბრუნებლად ჩვენებურს მინიმუმ 10 მოგება მართებს.
ლევანის მსგავსად შემოდგომის სუპერტურნირი 6 მოგებითა და 9 მარცხით დაასრულა თეიმურაზ ჯუღელმა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ბალანსი ვერ გაინაღდა, პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულა და ელიტარულ სუმოისტთა შორის ადგილი და სეკიტორის წოდება შეინარჩუნა.
გაგამარუს პირველი მეტოქე კიუშუ ბაშოზე ჯურიოს მე-12 ნომერი კოტოშოჰო იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრილა და აღნიშნული ორთაბრძოლა ჯუღელის გამარჯვებით დასრულდა.
აკი ბაშოს შედეგებიდან გამომდინარე ქართველი გოლიათი ჯურიოს მე-12 ნომრის პოზიციამდე ჩამოქვეითდა და თუკი ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა, დიდი ალბათობით სეკიტორის ტიტულს დაკარგავს და მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ წლის ბოლო სუპერტურნირი 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.