ფეხბურთი

1:35 | 7.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

1358 დღის შემდეგ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე შეცვალეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამარცხა და (2:1) მერვედფინალის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა.

მატჩის 81-ე წუთზე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (1:1) მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა და მოედანზე პაულო დიბალა შეუშვა. საინტერესოა, რომ პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 2016 წლის 17 თებერვლის შემდეგ პირველად შეცვალეს.

მაშინ, „რეალი“ „რომას“ ხვდებოდა და 89-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 გახლდათ, ზიდანმა კრიშტიანუს დასვენების შესაძლებლობა მისცა. მას შემდეგ კი 1358 დღე გავიდა.

ნამატჩევს, სარის ბუნებრივია ჰკითხეს რატომ შეცვალა გუნდის ლიდერი: „რამდენიმე დღის წინ ფეხზე პრობლემა ჰქონდა. ვხედავდი, რომ ნერვიულობდა და ამიტომ შევცვალე, რომ ტრავმა არ მიეღო. ეს სიფრთხილე იყო“, - თქვა იტალიელმა მწვრთნელმა.

აქვე გეტყვით, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მერვედფინალის საგზური 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა.

0.134235