ლიბერტადორესის თასის ფინალის მასპინძელი ქალაქი შეიცვალა. როგორც კონმებოლის ვებგვერდი იტყობინება, ფინალურ შეხვედრას პერუს დედაქალაქი ლიმა უმასპინძლებს.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ გადამწყვეტი შეხვედრა ჩილეში, სანტიაგოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამჟამად ჩილეში რთული სიტუაციაა შექმნილი და უსაფრთხოების გამო კონმებოლი იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა.
ლიმას გარდა არსებობდა ასუნსიონისა (პარაგვაი) და მედელინის (კოლუმბია) ვარიანტიც, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება პერუელებმა მოიპოვეს. ფინალს ლიმას „მონუმენტალის“ სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც 80 ათას მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალში 23 ნოემბერს, ბრაზილიური „ფლამენგო“ და არგენტინული „რივერ პლეიტი“ დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ აქამდე ფინალი ორმატჩიანი დუელისგან შედგებოდა, მაგრამ ამიერიდან ნეიტრალური, წინასწარ შერჩეული ქალაქი უმასპინძლებს.