ფეხბურთი

3:18 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზე კარლოსი, დელ პიერო, დიეგო კოშტა და ახლა ჰოლანდი - ნორვეგიელის მორიგი მიღწევა

ავსტრიული „ზალცბურგის“ ნამდვილი ვუნდერკინდი ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგაზე მიღწევების დაფიქსირებას ტურიდან ტურამდე აგრძელებს.

20 წლის ნორვეგიელმა მოედანი არც მეოთხე ტურში დატოვა უგოლოდ და „ნაპოლის“ გაუტანა. შედეგად, ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელამც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე სადებიუტო სეზონის საწყის ოთხ შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.

ჰოლანდმა ჯერ „გენკს“, შემდეგ „ლივერპულს“, მერე „ნაპოლის“ და ახლა ისევ „ნაპოლის“ გაუტანა. სკანდინავიელამდე იგივე შედეგი ზე კარლოსს („პორტუ“ 1992-1993 წლები), ალესანდრო დელ პიეროს („იუვენტუსი“ 1995-1996 წლების სეზონი) და დიეგო კოშტას („ატლეტიკო“ 2013-2014 წლების სეზონი) ჰქონდათ ნაჩვენები.

ცნობისთვის, დელ პიერომ და კოშტამ მიჯრით საწყის ხუთ მატჩში არ დატოვეს მოედანი უგოლოდ და ჰოლანდს მომდევნო შეხვედრაშიც დასჭირდება გოლის გატანა მათი მიღწევის გასამეორებლად, ხოლო თუ რეკორდის ერთპიროვნული ფლობა სურს, მაშინ ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩში მართებს გატანა. სამაგიეროდ, "ზალცბურგის" ფორვარდის მიღწევა ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან შედარებით იმით ფასობს, რომ სადებიუტო 4 თამაშში 7 გოლი არავის გაუტანია და ეს უკვე რეკორდია.

აქვე გეტყვით, რომ ერლინგმა განვლილ ოთხ ტურში 7 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

0.112207