მაურო იკარდის „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა სურს. არგენტინელი ფორვარდი, რომელიც ჯერ კიდევ მილანის „ინტერის“ საკუთრებაშია, ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს პარიზში დასარჩენად.
„ჩემი ხარისხი მოედანზე უნდა დავამტკიცო. ოქტომბერი კარგად ჩავატარე, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. უახლოეს თვეებში ასე უნდა გავაგრძელო. თუ დავრჩები? ვნახოთ სეზონის ბოლო, მინდა კარგად ვითამაშო, სწორედ ამიტომ მოვედი აქ. რა თქმა უნდა, პსჟ-ს მსგავს გუნდში თამაში მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავრჩე.
კავანი? ედინსონს დიდი ხანია ვიცნობ, იტალიაში დიდი ხნის წინ ერთად ვიყავით. საოცარი მოთამაშეა, პსჟ-ს ისტორიაში ჩაეწერა. ერთად თამაში შეგვიძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ ითამაშებს და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. მბაპე? შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს “, - აღნიშნა იკარდიმ.
შეგახსენებთ, მაურო იკარდი „პარი სენ ჟერმენში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. არგენტინელმა ლიგა 1-ის ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სამი გოლის გასატანად ამდენივე თამაშის ჩატარება დასჭირდა.