ფეხბურთი

3:22 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" თავდაყირა

იტალიის სერია A-ში უკვე 11 ტური მიილია და „მილანი“ ოთხეულთან უფრო შორსაა, ვიდრე გასავარდნ ზონასთან. სტეფანო პიოლის გუნდმა რომის „ლაციოს“ უმასპინძლა და მორიგი, უკვე მეექვსე თამაში წააგო...

„როსონერის“ საშველი არსაიდან ჩანს და საქმე მხოლოდ შედეგებში არაა. ლომბარდიული გრანდი საშინელ თამაშს აჩვენებს და „ლაციოსთან“ დამსახურებულად დამარცხდა.

ჩირო იმმობილემ ანგარიში გახსნა და „არწივების“ რიგებში საიუბილეო, მეასე გოლი გაიტანა. იტალიელ ფორვარდს ამ შედეგის მისაღწევად 147 თამაშის ჩატარება და ჩინებული შედეგია ნამდვილად. მატჩს დავუბრუნდეთ და „მილანმა“ მალევე გაათანაბრა. კშიშტოფ პიონტეკის აქტიურობა ბასტოსის ავტოგოლით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მარცხს თავი მაინც ვერ დააღწიეს. 83-ე წუთზე „როსონერის“ დაცვის ხაზი სრულიად ჩავარდა და ხოაკინ კორეას გამარჯვების გოლის გატანა არ გასჭირვებია. „ლაციომ“ 21 ქულა დააგროვა, „კალიარისა“ და „ატალანტას“ გაუთანაბრდა და მათთან ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს. „მილანი“ კი13 ქულით მე-12 პოზიციაზეა... სხვათა შორის, „ლაციომ“ „მილანი“ „სან სიროზე“ 1989 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად დაამარცხა და საფეხბურთო „ლა სკალაში“ 29-მატჩიანი მოუგებელი სერია როგორც იქნა შეწყვიტა.

სანამ „მილანი“ წვალობს და მრავალრიცხოვან ქომაგთა არმიას ანერვიულებს, იქამდე „კალიარის“ საოცარი სეზონი აქვს. კუნძულელები ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრნენ, რომელსაც ამ ტურამდე მესამე ადგილი ეკავა და მორიგ გამარჯვებას გეგმავდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სარდინიელებთან ხუმრობა არ შეიძლება. როლანდო მარანის გუნდმა „ატალანტას“ 2:0 აჯობა, 21 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაშია (იმავე „ატალანტასთან“ და „ლაციოსთან“ ერთად). ნიშანდობლივია, რომ სეზონის საწყის 11 ტურში „კალიარის“ 21 ქულა ბოლოს 1969-1970 წლების სეზონში ჰქონდა დაგროვილი და მაშინ ჩემპიონი გახდა.

ფლორენციის „ფიორენტინა“ ლაღ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგების მხრივ მოიკოჭლებს და არასტაბილურია. ვინჩენცო მონტელას გუნდმა „პარმასთან“ „არტემიო ფრანკიზე“ ძვირფასი ორი ქულა დაკარგა და შეიძლებოდა საერთოდაც წაეგო. ჟერვინიოს გოლს მეორე ტაიმში გაეტანო კასტროვილიმ უპასუხა, რომელსაც იტალიის ნაკრებში გამოძახებას უწინასწარმეტყველებენ.

ტიაგო მოტამ „ჯენოაში“ სადებიუტო მატჩი მოიგო, მაგრამ მას შემდეგ ორჯერ დამარცხდა. გენუელებმა უშუალო კონკურენტ „უდინეზეს“ უმასპინძლეს, რომელიც ასევე რთულ დღეში იყო და ბოლო ორი თამაში 1:7 და 0:4 ჰქონდა წაგებული. გენუელებმა კარგად დაიწყეს, გორან პანდევის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მერე „უდინეზემ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, უდინელებმა ორი დღის წინ მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს და იგორ ტუდორი დაითხოვეს. მის გარეშე კი (ჯერ ოფიციალურად მწვრთნელი არ დაუნიშნავთ) ფრიულელებმა გამარჯვება გამოაცხვეს.

„ვერონამ“ პრინციპული მეტოქე „ბრეშა“ დაამარცხა. ამაში გასაკვირი არაფერია, ვერონელებს მიმდინარე სეზონში ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული („იუვენტუსთან“ ერთად 9-9 გოლი) და საერთოდაც, ნორმალურად აგროვებს ქულებს. „ბრეშას“ თავის მხრივ ძალიან უჭირს და გასავარდნ ზონაშია. ლომბარდიელებს მარიო ბალოტელის გოლი არაფერში წაადგათ და დამარცხდნენ. უფრო საინტერესო ისაა, რომ მანამდე მარიომ მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ქომაგები რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბალოტელი ადგა და, ჯერ ბურთი ესროლა, მერე მოედანი დატოვა. საბოლოოდ, მინდორზე დაბრუნდა, გოლიც გაიტანა, მაგრამ „ბრეშას“ ვერ უშველა.

„ვია დელ მარეზე“ კი, „ლეჩე“ „სასუოლოს“ ორჯერ უგებდა, მაგრამ დომენიკო ბერარდიმ „ნეროვერდის“ ქულა გადაურჩინა. მე-11 ტური კი, ორშაბათს, "სპალი" - "სამპდორიას" შეხვედრით დასრულდება.

„ატალანტა“ – „კალიარი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 პაშალიჩი (32, პენ), 0:2 ოლივა (58)

„ჯენოა“ – „უდინეზე“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 პანდევი (22), 1:1 დე პაული (32), 1:2 სამა (87), 1:3 ლასანია (90)

„ვერონა“ – „ბრეშა“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 სალსედო (50), 2:0 პესინა (81), 2:1 ბალოტელი (85)

„ლეჩე“ – „სასუოლო“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ლაპადულა (18), 1:1 ტოლიანი (35), 2:1 ფალკო (42), 2:2 ბერარდი (85)

„ფიორენტინა“ – „პარმა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჟერვინიო (40), 1:1 კასტროვილი (67)

„მილანი“ – „ლაციო“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 იმმობილე (25), 1:1 ბასტოსი (28, ა.გ), 1:2 კორეა (83)

თეგებისერია A
0.114984