მის სურათს ევროპის მრავალი სტადიონის სალაროებშიც იხილავთ წარწერით_ნუშეუშვებთ! ყველაფერი კი ასე დაიწყო..
საფეხბურთო მატჩი ის იყო უნდა დაწყებულიყო, რომ მოულოდნელად მინდორზე შუა ხნის მამაკაცი გამოხტა, რომლის მთელ ჩაცმულობას კუბოკრული კეპი შეადგენდა. ყურებამდე “დაკრეჭილი“ გიჟი მონდომებით პოზიორობდა, რათა მაყურებელი მისი სხეულის ყველა დეტალით დამტკბარიყო. ამის შემდეგ, თითქოს საგანგებო მისია შეასრულაო, მშვიდად მიესვენა წესრიგისდამცველთა მკლავებში. როგორც ჩანს, 39 წლის მარკ რობერტსმა თავი მოვალედ ჩათვალა, ასე გაეხსნა საყვარელი გუნდების ყოველი მატჩი და 10 წლის განმავლობაში 300-მდე მსგავსი გმირობა მიითვალა.
რობერტსს განსაკუთრებულ სიამაყეს ანიჭებს იმის გახსენება, თუ როგორ გამოხტა 2000 წელს ჩოგბურთის მოედანზე ანა კურნიკოვას თამაშის დროს. მისდა სამწუხაროდ, რუსი სექსსიმბოლოს მოხიბვლა სიშიშვლით ვერ შეძლო_ლოყებშეფაკლულმა ანამ სახეზე პირსახოცი აიფარა. სამაგიეროდ, იმავე წელს, რობერტსი არა მხოლოდ შეიჭრა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე “ბაიერისა“ და “რეალის“ პაექრობისას, არამედ გოლიც გაიტანა.
რობერტსი პირველი სტრიკერია, რომელმაც წყლის სპორტის სახეობებშიც გაიბრწყინა და 2003 წელს, ბარსელონაში გამართულ ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის დროს აუზში დედიშობილა გადაეშვა. იმავე წელს პამპლონაში კორიდაზეც მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები, _ იგი გააფთრებული ხარებისგან დამფრთხალ ბრბოში შიშველი დარბოდა.
რობერტსი მხოლოდ სპორტულ შოუებს არ ემტერება. “ბიძია მაუგლი“ სამჯერ შეიჭრა ინგლისის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. ერთხელ კი თავისი გენიტალიების გამოჩენით ამინდის პროგნოზიც გაამრავალფეროვნა.
ერთი სიტყვით, რობერტსი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ადამიანია, რომელმაც სტრიკერობა პროფესიად აქცია. მანამდე იგი სადაზღვევო აგენტად მუშაობდა, მაგრამ მალე დაანება თავი, რათა სათანადოდ მომზადებულიყო ახალი ბიზნესისთვის. ასე რომ, მარკი გიჟი ან მანიაკი არ გეგონოთ. იგი ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლსა და სამ შვილთან ერთად, რომლებიც ამაყობენ ოჯახის უფროსის პოლულარობითა და ყოველთვის მოუთმენლად ელიან ტელევიზიით მამიკოს მორიგი გმირობის ტრანსლაციას. თავად რობერტსი კი ირწმუნება, რომ ამ რთულ სარისკო საქმიანობას იმიტომ ეწევა, რომ ხალხი გაამხიარულოს: “ბოულინგი ან გოლფი ძალიან მონოტონური თამაშებია, მაგრამ საკმარიასია ჩემი კეპით გამოვჩნდე, რომ..“ სახელსა და დიდებასთან ერთად მარკ რობერტსი ამ საქმიანობით საკმაო შემოსავალსაც იღებს _ კეპზე ხან რომელიმე ფირმის ემბლემას გამოისახვას ან შიშველ მკერდზე სარეკლამო წარწერას იკეთებს. რეკლამა კი დიდი ფული ღირს..