კალათბურთი

10:50 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძეს NBA-ში სადებიუტო ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა!

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა გოგა ბითაძემ. „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა „კლივლენდ კავალიერსთან“ შეხვედრაში პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში „ინდიანამ“ იძალა - 102:95. გოგამ კი ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

20 წლის ქართველმა 10 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ნიშანდობლივია, რომ ჩვენებურის მოედანზე ყოფნის პერიოდში „ინდიანამ“ მეტოქეს 15-ქულიანი უპირატესობით აჯობა.

„ინდიანა პეისერსმა“ სტარტზე განცდილი მიჯრით სამი მარცხის შემდეგ ვითარება გამოისწორა, მეორე გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 4 ნოემბერს, საკუთარ დარბაზში „ჩიკაგო ბულსთან“ ჩაატარებს.

0.126392