ფეხბურთი

3:35 | 30.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" გალიდერდა

იტალიის სერია A-ს სათავეში მილანის „ინტერი“ დაუბრუნდა. მართალია „იუვენტუსს“ ჯერ მე-10 ტურში არ უთამაშია, მაგრამ მინიმუმ 24 საათით ანტონიო კონტეს გუნდი ყველაზე მაღლა იქნება.

„ნერაძურის“ კონტემ სხვა სისხლი რომ გადაუსხა ეს უკვე ძველი თემაა. მილანელებმა 10 მატჩში 25 ქულა მოიპოვეს და ასეთი კარგი სტარტი დიდი ხანია არ ჰქონიათ. შავ-ლურჯებმა მორიგი გამარჯვება „ბრეშასთან“ სტუმრად იზეიმეს. არადა, ეუჯენიო კოინის გუნდს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, უფრო მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, ვიდრე მეტოქემ, მაგრამ კლასმა თავისი გააკეთა. ლაუტარო მარტინესისა და რომელუ ლუკაკუს შორეულმა დარტყმებმა მიზანს მიაღწიეს და „ინტერმა“ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. მართალია, შემდეგ მილან შკრინიარმა ავტოგოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ბრეშას“ აღარც დრო და აღარც ძალა მარცხისგან თავის დასახსნელად არ ეყო.

სხვათა შორის, ანტონიო კონტე „ინტერს“ 13 მატჩია სათავეში უდგას და უგოლოდ „ნერაძურისთვის“ არცერთი მატჩი არ დასრულებულა. კონტე კი, პირველი მწვრთნელი გახდა მილანური გრანდის ისტორიაში, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა საწყის 13 თამაშში გოლი გაიტანა.

„ინტერის“ კონკურენტი „იუვენტუსი“ ოთხშაბათს, „ჯენოას“ ტურინში დაუხვდება და პირველი ადგილის დაბრუნებას ეცდება. იქამდე, მე-10 ტური პარმაში დაიწყო, სადაც „ენიო ტარდინიზე“ ადგილობრივი გუნდი „ვერონასთან“ ლაზოვიჩის ფანტასტიკური გოლით დამარცხდა.

„პარმა“ – „ვერონა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლაზოვიჩი (10)

„ბრეშა“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (23), 0:2 ლუკაკუ (63), 1:2 შკრინიარი (76, ა.გ)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.267521