ფეხბურთი

1:25 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დუელი ესპანეთში: შენგელიას 20 და შერმადინის 16 ქულა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში ქართული დაპირისპირება შედგა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფეს“ ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა.

შეხვედრა მართლაც დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე უცნობი იყო. საბოლოოდ, „ბასკონიამ“ თანაბარ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით, 79:78 მოიგო, ქართველი კალათბურთელები კი, თავიანთი გუნდის რიგებში გამორჩეულები იყვნენ.

შერმადინმა მოედანზე 32:16 წუთი დაჰყო და ხსენებულ დროში 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო გააცუდა, რაც მისთვის საკმაო იშვიათობაა. საბოლოოდ, ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა და „ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო გახლდათ. მთლიანად მატჩის MVP-მდე კი, მცირედი დააკლდა, რადგან ბასკონიელმა ჰენრი პიერიამ აჯობა (26 სარგებლიანობის კოეფიციენტი).

რაც შეეხება შენგელიას, თორნიკემ 29:52 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ვიტორიელთა ქართველმა კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა. აქვე ვთქვათ, რომ მეტ ჯენინგმა 22 წუთი ითამაშა, მაგრამ შეხვედრა უქულოდ დაასრულა.

„ბასკონიას“ 3 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 3 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ანალოგიურად, სამი მოგება-წაგების ბალანსი გააჩნია „იბეროსტარ ტენერიფეს“ (მერვე ადგილი) და 3 ნოემბერს, „ესტუდიანტესს“ სტუმრად შეხვდება.

0.14059