რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტური ყაზანის „რუბინის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც შინ „ურალს“ დაუხვდა და უგოლოდ დაუზავდა. ზურიკო დავითაშვილმა 70 წუთი ითამაშა და ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. ბექა მიქელთაძე კი, ცოტა ხნით ადრე, 64-ე წუთზე ვიდარ ორნ კიარტანსონის ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე.
ნამატჩევს „რუბინის“ მწვრთნელს, ედუარდო დოკამპოს ჰკითხეს, რატომ არ მიეცა უფრო მეტი სათამაშო დრო კვარაცხელიას:
„კვარაცხელია? ჩვენ ვუბრუნდებით საუბარს, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო, როდესაც სკამიდან თამაშს ამძაფრებდა. ზურიკოს შეცვლას ცოტა ხნით ადრე ვგეგმავდით, მაგრამ პირველ რიგში კიარტანსონის მიქელთაძით შეცვლა გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, მართალი ხართ და უფრო ადრე შეიძლებოდა ხვიჩას გამოყვანა.
მიქელთაძე თავდამსხმელებს უკან კარგად იხსნებოდა, ბურთს აკონტროლებდა, ისეთი საქმე გააკეთა, რასაც ყველა ვერ ხედავს“, - აღნიშნა დოკამპომ.
„რუბინს“ 14 მატჩში 16 ქულით მე-9 ადგილი უკავია. ყაზანური გუნდის მთავარი პრობლემა მიმდინარე სეზონში შედეგიანობაა, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი.