ფეხბურთი

20:46 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამატულ ბრძოლაში მარცხი ესპანეთთან: საქართველოს ელიტ-რაუნდის საგზური ბოლო ტურისთვის გადაიდო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრაში მარცხი განიცადა.

საქართველო ჯგუფის ფავორიტ ესპანეთს გაეჯიბრა და უმძიმეს ბრძოლაში წააგო. ბუნებრივია, ესპანელები უპირატესობას ფლობდნენ და უმეტესას თამაში ჩვენი კარის სიახლოვეს მიმდინარეობდა.

მე-13 წუთზე ფერნანის შორეული დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რაულ კამპოსმა სხვაობა გააორმაგა. თითქოს ეს გოლი გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბრძოლისნუარიანობა გამოავლინა. ჯერ 31-ე წუთზე სებისკვერაძემ, ხოლო ორ წუთში თოდუამ ანგარიში გაათანაბრეს. საფინალო სასტვენამდე კი, მხოლოდ 7 წუთი რჩებოდა.

ესპანეთთან ფრე დადებითი შედეგი იქნებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ვერ გაძლო. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, თალესმა ბურთი საკუთარ კართან დაკარგა, რითაც მარკ ტოლრამ ისარგებლა და კუპატაძეს ადვილად გაუტანა - 2:3.

ამრიგად, ესპანეთის ნაკრები ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა და ბოლო ტურში მასპინძელ პოლონეთს შეხვდება, ხოლო საქართველოს აქტივში 3 ქულაა (გუშინ საქართველო პოლონეთს 3:2 აჯობა - რედ) და ელიტ-რაუნდში გასვლისთვის ბოლო ტურში გამარჯვება მართებს.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი პოლონეთსა და ფინეთს შორის 22:00 საათზე დაიწყება. ავთანდილ ასათიანის გუნდი კი, მესამე და გადამწყვეტ შეხვედრას 27 ოქტომბერს, სწორედ ფინეთთან გამართავს (თბილისის დროით 19:00 საათზე).

ცნობისთვის, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და ასპარეზობას ელიტ-რაუნდში გააგრძელებენ, ამიტომ ფინელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

საქართველო - ესპანეთი 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ფერნანი (13), 0:2 რაულ კამპოსი (26), 1:2 სებისკვერაძე (31), 2:2 თოდუა (33), 2:3 მარკ ტოლრა (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 24 (7) – 59 (24) კუთხურები: 4:18 გაფრთხილება: 1:0

0.104463