ფეხბურთი

23:46 | 25.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი ამერიკას სკანდალით ემშვიდობება: "ჩემს გარეშე MLS არავის გაახსენდება" (+VIDEO)

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამერიკული თავგადასავალი პრაქტიკულად დასრულდა, რადგან მისი გუნდი MLS-ის პლეი-ოფში თანაქალაქელ „ლოს ანჯელესთან“ სტუმრად 3:5 დამარცხდა.

შვედმა გოლის გატანაც მოახერხა და საგოლე პასის შესრულებაც, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თამაშის შემდეგ კი, ზლატანმა ადგილობრივ ქომაგებს უხამსი ჟესტიც უჩვენა.

გარდ ამისა, შვედმა თავის მომავალზეც ისაუბრა და ტრადიციულად „თავმდაბლური“ განცხადებით გამოირჩა:

„კონტრაქტის გახანგძრლივება ფულის საკითხი არაა. კიდევ ორი თვე მაკავშირებს ხელშეკრულება და ვნახოთ რა მოხდება. თუ დავრჩები ეს კარგი იქნება MLS-ისთვის, რადგან მსოფლიო უყურებს, მაგრამ თუ წავალ, MLS-ი არავის გაახსენდება. ვფიქრობ, საუკეთესო მოთამაშე ვარ, ვისაც ამ ლიგაში ოდესმე უთამაშია. არ ვხუმრობ, ნახეთ ის ორი წელი, რომელიც აქ ვითამაშე?

არ მინდოდა უპატივცემულობა, მაგრამ ეს ჩემთვის ვარჯიშივით იყო. აღნიშნული სტადიონი ძალიან პატარაა. მე მიჩვეული ვარ 80 ათასი მაყურებლის წინაშე თამაშს, ეს კი, პარკში გასეირნება იყო“, - თქვა სკანდინავიელმა.

38 წლის იბრაჰიმოვიჩი „გალაქსის“ რიგებში 2018 წლის გაზაფხულიდან თამაშობს და 58 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი შეასრულა (მიმდინარე სეზონში 31 თამაში, 31 გოლი).

გავლენიანი გამოცემების ვერსიით, იბრას იტალიაში დაბრუნება აქვს განზრახული, სადაც ყველაზე აქტიურად „ნაპოლისა“ და „ინტერს“ უკავშირებენ, თუმცა სინიშა მიხაილოვიჩს მისი წაყვანა „ბოლონიაში“ უნდა.

0.127947