ლონდონის „არსენალმა“ ზაფხულში ფრანგული „ლილიდან“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნიკოლა პეპე დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა. თუმცა, 24 წლის შემტევი ამ დრომდე „მეთოფეთა“ მოლოდინს ვერ ამართლებდა.
ევროპა ლიგის მესამე ტურში კი, „გიმარაეშთან“ პეპემ ნამდვილი წარმოდგენა დადგა. „არსენალი“ პორტუგალიურ მეტოქესთან ერთობ უფერულად გამოიყურებოდა და მე-80 წუთამდე დამსახურებულად აგებდა (1:2). სწორედ გასაჭირს ჟამს უნაი ემერიმ 75-ე წუთზე საშველად ნიკოლა პეპეს უხმო, რომელიც თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. მწირი სათამაშო დრო ფრანგს სრულად ეყო, რომ მატჩის გმირის სტატუსი მოერგო.
მე-80 წუთზე პეპემ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე დუბლი გაიფორმა. თანაც, ისევ საჯარიმო დარტყმით გაიტანა!
სხვათა შორის, ნიკოლა პეპე 2013 წლის თებერვლის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგაზე ერთ მატჩში ორი ჯარიმა გაიტანა. მანამდე ეს ბოლოს ლუის სუარესს ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც „ლივერპულის“ მაისურით სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ სტანდარტული ვითარებიდან ორჯერ დაამწუხრა.
ცნობისთვის, ამ მატჩამდე ფრანგ ფეხბურთელს „არსენალში“ ჩატარებულ 8 მატჩში ერთადერთი გოლი ჰქონდა გატანილი. ამასობაში კი, „მეთოფეებმა“ პლეი-ოფის საგზური თითქმის გაინაღდეს, რადგან 9 ქულით ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობენ.