ჭადრაკი

13:25 | 24.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის გუნდური ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ევროპის XXII გუნდური ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ცერემონია ქართულმა ცეცხლოვანმა ცეკვამ გახსნა და უცხოელი სტუმრების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მონაწილეებს მიესალმნენ: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტსი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’-ს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი.

ორიგინალური ფორმით გაიმართა წილისყრის ცერემონია- თეთრი და შავი ღვინით სავსე ქვევრების საშუალებით! ქვევრს საქართველოში სიმბოლური დატვირთვა აქვს - ღვინის უნიკალური დაყენების მეთოდი იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.ამიტომ, კენჭისყრის ატრიბუტადაც სწორედ ქვევრი აირჩა.

24 ოქტომბრის 15:00 საათიდან, სასტუმრო 'შერატონში' ევროპის 39 ქვეყნის გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ უკვე უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.

კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი დაიცავს: სამი ქალთა და ორი ვაჟთა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატია.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.

სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.

ორგანიზატორები:

აჭარის მთავრობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:

ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი

ქალთა შორის:

I ადგილი (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;

II ადგილი (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი

III ადგილი (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია.

gcf.org.ge

0.117661