იტალიის სერია A-ს ბინადარი „ჯენოა“ ტიაგო მოტამ ჩაიბარა. ბრაზილიელმა მწვრთნელმა გენუელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რომელიც ავტომატურად განახლდება თუ გუნდი ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
37 წლის სპეციალისტს დიდი სამუშაო გამოცდილება არ აქვს და აქამდე მხოლოდ პსჟ-ს 19-წლამდე გუნდში მუშაობდა. მოტა „ჯენოას“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2008-2009 წლების სეზონში ლიგურიელთა რიგებში თამაშობდა.
მისთვის იტალიაც ნაცნობი ადგილია - 2008-2012 წლებში „ჯენოასა“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა, ამასთან იტალიის მოქალაქეობაც მიიღო და „სკუადრა აძურაში“ 2011-2016 წლებში 30 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.
მოტამ აურელიო ანდრეაცოლი შეცვალა, რომელმაც წარუმატებლად იმუშავა. „ჯენოას“ 8 ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და მე-19 ადგილზე იმყოფება.