ფეხბურთი

16:59 | 23.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალში "საბურთალო" "ლოკომოტივს" შეხვდება

ოთხშაბათს, 23 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე ანშლაგი იყო. იქ სტადიონს ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია და 650 ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდა. ადგილობრივები ომახიანად ქომაგობდნენ „გარეჯს“ „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ და დიდად გაიხარეს, როცა მე-13 წუთზე ილია გუჯარაიძემ გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორეში უპირატესობა რკინიგზელებმა მოიპოვეს და სამწუთიან მონაკვეთში ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები. 56-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა თავი, 59-ზე კი ნიკა ჭანტურიამ.

გარეჯელები არ დანებდნენ და 62-ე წუთზე საბა თავაძემ გაათანაბრა. ხუთ წუთში კი სტუმრებმა თერთმეტმეტრიანის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად დაარტყა თეიმურაზ შონიამ - 3:2 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ.

„გარეჯი“ კი წლევადელი სეზონის აღმოჩენაა. მეოთხელიგელმა გუნდმა თასის ნახევარფინალამდე მიაღწია, რაც მათთვის ისტორიული შედეგია.

„საბურთალომ“ „ტორპედოს“ „მიხეილ მესხზე“ 2:0 მოუგო. ქუთაისელთა ბოლოდროინდელი კრიზისის გათვალისწინებით, რომლებიც ასაკობრივი ფეხბურთელების წყალობით გადიან ფონს, თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი თბილისელთა გამარჯვებაში.

ასეც მოხდა. თუმცა პირველ ტაიმში ქუთათურებმა კარი მშრალად შეინახეს. მასპინძლებმა შესვენების შემდეგ იძალეს. ანგარიში 48-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა. 69-ზე კი ჩერნოგორიელმა ოგნიენ როლოვიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ფინალში, 7 დეკემბერს, „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

0.123097