უგოლო ფრე - ასე დაიწყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი. ყველამ ნახა, რა ძალასაც წარმოადგენდა საფრანგეთი და პირველი ტაიმის საწყის და ბოლო 10-წუთიან მონაკვეთებს თუ არ ჩავთვლით, ქართველები ნამდვილად არ დაჩაგრულან.
82-ე წუთი იყო, როცა გოლამდე ცოტაღა დააკლდა ნიკა კაჭარავას: შეცვლაზე შესულმა ტანმაღალმა ფორვარდმა, საჯარიმოს მისადგომებთან ბაჩანა არაბულს მისცა პასი, შემდეგ მისგან უკვე საჯარიმოში მიიღო და ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა. "მამლების" მეკარემ რეაგირება მოახდინა და ბურთი კარის ხაზზე გაგორდა - ფაქტობრივად, სანტიმეტრები დააკლდა გოლს...
მთლიანად თამაშს რაც შეეხება, მოსალოდნელიც იყო, რომ ვეება ფრანგ ყმაწვილებს უპირატესობა ექნებოდათ სწორედ ათლეტიზმის ხარჯზე. ფრანგების უმეტესობა ტანით მარსელ დესაისა და ლილიან ტიურამს ჩამოჰგავდა. გამონაკლისები ლაპორტი, როდრიგესი და ტექნიკური რაბიო იყვნენ.
პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა მარჯვენა მცველ დავით მთივლიშვილს, რადგან მის ფლანგზე "მარსელში" გადასული მენდი ნავარდობდა. ეს მარცხენა მცველი ლამის გარემარბად გვევლინებოდა. მეორე ნახევარში კი, მთივლიშვილმა ალღო აუღო მენდის და ბევრი აღარ გააბედინა. კიდევ, რაც ჩანდა, ქართველთა დაცვა უაზროდ არ იგერიებდა ბურთს და ცდილობდა, პასებით ამოეტანა.
სწრაფი იყო მარჯვენაფლანგელი იკოკოც და პირველი მომენტი სწორედ მის გარღვევასა და პასს მოჰყვა: როდრიგესმა ახლოდან დაარტყა და გაბრიელ თებიძემ რთული ბურთი მოიგერია. ქართველებმა პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყეს კარის მიმართლებით და ორივეჯერ ფანცულაიამ ააცილა. კაპიტანი ბაჩანა არაბული ბევრს მუშაობდა და 3-ჯერ მოიპოვა ჯარიმის უფლება მეტოქის ნახევარზე, რითაც დაცვა ამოასუნთქა.
დაცვას კი საქმე არ გამოლევია - ფრანგებმა განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს შეუტიეს. თებიძეს მენდის შორეული დარტყმის მოგერიებაც მოუწია.
ეტყობა, ფრანგებიც დაიღალნენ. მეორე ნახევარში, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო უკლებდნენ სიმწვავეს. ფაქტობრივად, თებიძე სერიოზულად არც შეუწუხებიათ. ცეცაძეს დაცვის გაძლიერება არ დაუწყია, მოედნის ცენტრში მეტი აქტიურობა დაავალა გუნდს და ველოდით, რომ ერთი კარგი შანსი საქართველოსაც ექნებოდა. ჰქონდა, თუმცა კაჭარავას მომენტზე უკვე ვთქვით... კიდევ, ენდელაძის შორეული დარტყმა იყო სახიფათო, მაგრამ ოდნავ უზუსტო.
ერთი, რაც აშკარად გამოჩნდა, ქართველებმა თავი დადეს, ბევრი იმოძრავეს და ცდილობდნენ, ბურთიან ფრანგს თავისუფლება არ ეგრძნო.
წინ სერბეთთან მატჩია, სადაც გურამ სამუშიასა და დავით უბილავასაც შეეძლებათ თამაში.
20.07. 20:00. ალიტუსი. "ალიტუს არენა".
საქართველო–საფრანგეთი 0:0
საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ჭანტურია, დვალი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი (კაჭარავა 77), ენდელაძე, ფანცულაია, არაბული, ზივზივაძე (ზარანდია 64).
მწვრთნელი: გია ცეცაძე.
საფრანგეთი: ბენარდო, იკოკო, მენდი, კონტი, როდრიგესი (გბამინი 80), იუნუ, ბენზია, ნანჟი, რაბიო, ლაპორტი, მარტიალი (ნგუეტი 66).
მწვრთნელი: ფრანსის სმერეცკი.
გაფრთხილება: იუნუ (58), ფანცულაია (71), არაბული (77), ცნობილაძე (84), გბამინი (90+2).
მსაჯი: ემირ ალეჩკოვიჩი (
ამავე ჯგუფის შეხვედრაში სერბეთმა თურქეთს 2:1 სძლია. გოლები: 1:0 ლუკოვიჩი (17), 2:0 მიტროვიჩი (53), 2:1 რეჯეფი (88).
ასე რომ, სერბეთი ლიდერია 3 ქულით, საქართველოსა და საფრანგეთს 1-1 ქულა აქვთ, თურქეთს - 0.
მომდევნო ტურები:
23 ივლისი - 19:30. სერბეთი–საქართველო; 21:30: თურქეთი–საფრანგეთი.
26 ივლისი - 17:30. საფრანგეთი–სერბეთი; 17:30: თურქეთი–საქართველო.