ფეხბურთი

13:08 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ სიტყვა შეასრულა

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში ბიალისტოკის “იაგიელონიამ”, რომელშიც ნიკა ძალამიძე გამოდის, სტუმრად კრაკოვის “ვისლას” 2:0 მოუგო. თამაშამდე ბიალისტოკელთა ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ კრაკოვში 3 ქულის აღებას გეგმავდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. ძალამიძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. “იაგიელონიამ” გოლები 53-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა. ბიალისტოკელებს 20 ქულა აქვთ და ტურის სხვა მატჩების ჩატარებამდე 16 გუნდში მე-2 ადგილზე არიან.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში ტალინის “ფლორამ”, სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი ირიცხება, გასვლაზე თანაქალაქელ “ინფონეტს” 3:1 სძლია. ფორვარდმა ირაკლი ლოგუამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დუბლი შეასრულა. მან სრულად ითამაშა და მეტოქის კარი 64-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთებზე აიღო. ბეგლარიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და 74-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორა” 72 ქულით 10 გუნდში მეორეა და ვიდრე ტურის სხვა შეხვედრები შედგება, უახლოეს მდევარ “ლევადიას” ერთი ქულით ასწრებს.

უნგრეთის NBI-ის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში “დიორი”, რომლის ღირსებას გიორგი ქვილითაია იცავს, სტუმრად “პუშკაშთან” 1:2 დამარცხდა. ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი “დიორის” რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა. დიორელებს 10 ქულა აქვთ და 16 გუნდში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.

უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში ლუცკის “ვოლინმა” შინ პოლტავის “ვორსკლასთან” 2:2 ითამაშა. ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელიც ტრავმირებულია, მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან და გიბრალტართან მატჩებში ვერ დაეხმარება. უკრაინის მოქალაქე ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი ლუცკელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. ტრავმირებული მცველი თემურ ფარცვანია სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა.



0.113399