ფეხბურთი

21:38 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში პირველად ვერ მოიგო

ლიონელ მესიმ, ამას წინებზე, ინტერვიუში თქვა: ეს ვიდეოარბიტრი ძალიან კარგი რამაა, მაგრამ დახვეწა სჭირდება. დღეს ის ასპროცენტიანი სამართლის გარანტია არ არისო.

მართალი იყო არგენტინელი გენიოსი. ვიდეოარბიტრის სერვისს აშკარად სჭირდება დახვეწა. აი, განსახილველ მატჩშიც უამისობა არ ყოფილა.

„მანჩესტერმა“ 36-ე წუთზე გახსნა ანგარიში. რაშფორდმა ზუსტად დაარტყა ჯეიმსის ჩაწოდების შემდეგ. მაგრამ ამ ეპიზოდს წინ საეჭვო წესის დარღვევა უძღვოდა. კონტრშეტევის დასაწყისში ლინდელოფმა არცთუ „სუფთად“ აართვა ბურთი ორიჯის, მაგრამ მსაჯმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ატკინსონმა ჯერ ჩათვალა გოლი, შემდეგ კი ვიდეოარბიტრს მიმართა. VAR-მა ეპიზოდში წესის დარღვევა ვერ შენიშნა. თუმცა, გამეორების ცქერისას, გოლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება.

იმავე ვიდეოარბიტრმა მანეს გოლი არ ჩათვალა, დარტყმამდე ბურთი ხელზე შეეხოო. მოკლედ, ამ პრობლემას უკეთ ექსპერტები გაარკვევენ. ჩვენ კი ვთქვათ, რომ მასპინძლებს გოლის შემდეგ ნაღდი საგოლე მომენტი აღარ ჰქონიათ. რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ რეალური ხიფათი მერსისაიდელთა კართან აღარ შექმნილა.

ვერც „ლივერპულს“ მისდიოდა თამაში. ხშირი იყო უზუსტო გადაცემები. აი, ბოლო 5-7 წუთი კი კლოპის ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს და ამას ხელი ლალანას მინდორზე გასვლამ შეუწყო.

საპასუხო გოლი სწორედ ლალანამ შეაგდო რობერტსონის მარცხნიდან ჩაწოდების შემდეგ. მერე ლივერპულელებმა გაილაღეს, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდათ.

ისე, „მანჩესტერის“ წაგება უსამართლობა იქნებოდა. ფრე კი ლოგიკური შედეგია.

„ლივერპული“ ცხადია, ისევ ლიდერია, ოღონდ, ახლა „სიტის“ „მხოლოდ“ 6 ქულთ უსწრებს. „წითლებმა“ მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი ქულები დაკარგეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-9 ტური. 20 ოქტომბერი

მანჩესტერი - ლივერპული 1:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 737

1:0 რაშფორდი (36), 1:1 ლალანა (85)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, როხო, იანგი, მაკტომინეი, ფრედი, ჯეიმსი, პერეირა (უილიამსი 90+4), რაშფორდი (მარსიალი 84)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (ლალანა 71), ვეინალდუმი (კეიტა 82), მანე, ორიჯი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 60), ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ფაბინიო (70)

0.144274