ფეხბურთი

19:05 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" ამოისუნთქა, "ვიტ ჯორჯიამ" შანსი თითქმის დაკარგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში საჩხერის „ჩიხურამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ორივე გუნდის მთავარი მიზანი პლეი-აუტის ზონისთვის თავის დაღწევაა და ამ ტურამდე მათ შორის განსხვავება ერთადერთი ქულა იყო.

დაძაბულობა თამაშსაც დაეტყო და მაყურებელმა დრამატული 90 წუთი იხილა. სოსო ფრუიძის გუნდი უმალვე, ლაშა ჩიკვაიძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. „რუსთავის“ რიგებში ჯერ ქავთარაძემ პენალტით, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე სილაგაძემ გაიტანეს და ვარლამ კილასონიას გუნდი შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა. თუმცა, მეორე ნახევარში იმერლებმა ვითარება გამოასწორეს და თავად მოიგეს. ფანცუალაიმ დასაწყისშივე გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გიორგი კორიფაძემ პენალტით საჩხერელებს მოაგებინა.

„ჩიხურამ“ 38 ქულა დააგროვა და პლეი-აუტის ზონას 4 ქულით მოშორდა, სადაც სწორედ „რუსთავი“ იმყოფება 34 ქულით.

დღესვე, აუტსაიდერთა დაპირისპირება შედგა თბილისში, სადაც „ვიტ ჯორჯია“ „სიონს“ უგოლოდ დაუზავდა. ბოლნისლები 32 ქულით მეცხრე ადგილზე არიან და პლეი-აუტიდან თავის დაღწევის შანსს ინარჩუნებენ, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ ბოლო საფეხურზე 19 ქულითაა და ჯერ ოფიციალურად არ გავარდნილა, მაგრამ უახლოეს მდევარს 13 ქულით ჩამორჩება და ბუნებრივია, ამ სხვაობის აღმოფხვრა ფანტასტიკის სფეროდანაა.

„ჩიხურა“ – „რუსთავი“ 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 ჩიკვაიძე (4), 1:1 ქავთარაძე (27, პენ), 1:2 სილაგაძე (45), 2:2 ფანცულაია (49), 3:2 კორიფაძე (90, პენ)

„ვიტ ჯორჯია“ – „სიონი“ 0:0 (0:0)

0.10947