სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:25 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ბათუმს" ბოლო წამებზე მოუგო

მიმდინარე სუპერლიგის მე-2 ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს “დინამო თბილისი” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე გათამაშების ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება გამოდგა. მატჩის გამარჯვებული ბოლო წამზე გამოვლინდა. დინამოელმა კევინ ობრაიენმა ფინალური სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთით თავის გუნდს 81:79 მოაგებინა.

არადა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ და მეორე პერიოდში ბათუმელები ლიდერობდნენ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილიზღვისპირელების უპირატესობამ მეორე პერიოდის შუაწელში 11 ქულას მიაღწია – 35:24, თუმცა დინამოელებმა მოახერხეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 33:36.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა გააგრძელეს წარმატებული თამაში და ლუკა ბულაშვილის, ტაილერ უილიამსისა და კევინ ობრაიანის მექულეობით ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. ათწუთეული დინამოელებმა 38:23 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით – 71:59 გალიდერდნენ. “ბათუმი” არ დანებდა. კაზანჯიანის გუნდმა დაცვა გაამაგრა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. ჯუნიუს პროველისა ნიკოლა ვუიოვიჩის ლიდერობით ზღვისპირელებმა თამაშში გარდატეხა მოახდინეს, როცა 61:76 ჩამორჩენილებმა 15:0 გაქცევა მოაწყვეს და თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 76:76.

დინამოელთა მშრალი სერია საფინალო სირებამდე 1 წუთით ადრე კევინ ობრაიენმა ზუსტი სამქულიანით შეწყვიტა და დინამოელები ისევ დაწინაურდნენ. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე რეზო ჩაჩანიძემ სამქულიანით კვლავ გაათანაბრა – 79:79. “დინამომ” წუთშესვენება აიღო, მწვრთნელმა მუია ტაჩიმ დინამოელებს დავალებები მისცა, რაც მისმა შეგირდებმა ზუსტად შეასრულეს. საჯარიმოს მისადგომებთან მიღებული პასი ობრაიენმა გამარჯვების ორქულიანად აქცია და დინამოელებმა სუპერლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

გამარჯვებულებს 22 ქულითა და 10 მოხსნით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 16 ქულა და 9 მოხსნა ობრაიენის ანგარიშეა დაგროვდა, ლუკა ბულაშილმა კი დინამოელებს 18 ქულა და 7 პასი მიაშველა. “ბათუმში” 21 ქულით საუკეთესო იყო ჯუნიუს პროველი. ნიკოლა ვუიოვიჩის ანგარიშზე კი 17 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

დინამო – ბათუმი
სტატისტიკა: 81:79

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116527