„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყოფილ დამრიგებელ ჟოზე მოურინუსთან კარგი ურთიერთობა აქვს და არ სწყინს, როცა პორტუგალიელი მას ხანდახან აკრიტიკებს.
„ჟოზესთან ხანგამოშვებით მიმოწერა მაქვს. სეზონის დასაწყისში ვისაუბრეთ. შემდეგ, მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩი განვიხილეთ. ეს ნორმალური საუბარი იყო. მწვრთნელად დიდი ხანი არ არის, რაც ვმუშაობ და გამოცდილი სპეციალისტის რჩევები მეხმარება.
ისე კი, ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი მამაა. მართალია, ცოტა მობერდა, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ.“ - უთხრა ლამპარდმა talkSPORT-ს.
შეგახსენებთ, რომ მამა ფრენკ ლამპარდი, იმ ლეგენდარული „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც 1981 წლის გაზაფხულზე, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალში, თბილისის „დინამომ“ გაანადგურა.