კალათბურთი

0:54 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი შენგელია ფანტასტიკურ დე კოლოსთან დამარცხდა

ევროლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელსაც აშკარად ცუდი პერიოდი უდგას. ესპანური გუნდი ლიგა ენდესაშიც წარუმატებლად ირჯება და ვერც ევროლიგაში ეთამაშება ცას.

ბასკებმა ამჯერად სტამბოლში, „ფენერბახჩესთან“ ვერ გააწყვეს ვერაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა იყო, „ფენერი“ უფრო ძლიერი გამოდგა - 87:80. არაფერი დაეწუნებოდა თორნიკე შენგელიას, რომელიც თავის გუნდში უდაოდ გამორჩეული გახლდათ. ქართველმა კაპიტანმა 24:04 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. შენგელიამ 6-დან 6 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ჩვენებურის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა. ნიშანდობლივია, რომ ეს ვიტორიელების რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ისევე როგორც მის მიერ ჩაგდებული 18 ქულა.

საერთოდაც, თორნიკე უსათუოდ მატჩის MVP გახდებოდა, რომ არა „ფენერბახჩეს“ ფრანგი ლეგიონერის ნანდო დე კოლოს ფანტასტიკური გარჯა. ფრანგმა მართლაც დიდებული მატჩი ჩაატარა და 31 წუთში 39(!) ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. დე კოლომ 15-დან 12 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 7-დან 6 ჯარიმა ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 44(!) შეადგინა. თორნიკე სწორედ მხოლოდ ნანდოს ჩამორჩა როგორც ქულების, ისე სარგებლიანობის მაჩვენებლით.

სხვათა შორის, თურქული გუნდის რიგებში დე კოლოს გარდა, საუკეთესო შედეგი ლუიჯი დატომეს ჰქონდა - ოდენ 8 ქულა... შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბასკონია“ უფრო დე კოლოსთან დამარცხდა, ვიდრე „ფენერბახჩესთან“. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ წევრ მეტ ჯენინგს, პარკეტზე 21 წუთი დაჰყო და 6 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 1 პასი შეაშველა საკუთარ გუნდს.

„ბასკონიას“ ევროლიგაში სამი ტურის თავზე მოგებითა და ორი წაგებით მე-13 ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 25 ოქტომბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115865