საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ხარაიშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა სფფ-ის ვებგვერდს განუცხადა, თავს კარგად გრძნობს, შვედეთშია და უკე მომდევნო მატჩებზე ფიქრობს.
"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას.
რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.
მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემ გულშემატკივარს, ვინც გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა", - თქვა ხარაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტართან მატჩის მე-10 წუთზე ხარაიშვილმა მეტოქის კარი აიღო და საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. 56-ე წუთზე კი, მეტოქესთან შეჯახების შემდეგ დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.