სხვა

13:20 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ მსოფლიო ქვიშის თამაშებზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

დოჰაში მიმდინარე საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა. მედლები ქვიშის ჭიდაობაშია მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დოჰაში საქართველოს თითოეულმა წარმომადგენელმა მიაღწია წარმატებას. საქმე ის არის, რომ მსოფლიო ქვიშის პირველ თამაშებზე ჩვენი ქვეყანა ოთხი ფალავნით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის, ორი მედალი დღესაა მოპოვებული.

კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურეს დავით ხუციშვილმა (80 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ).

ხუციშვილი ასპარეზობას A ჯგუფში შეუდგა. პირველ შეხვედრაში ჩილიელი მარსელო ანტონიო კასტრო კუმსილე 3:0 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით მოუგო ესპანელ დავიდ დე ხესუს პერეს კუინტანას. მესამე შეხვედრა 0:0 დაასრულა აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება ხუციშვილს დარჩა. 3:0 მოუგო რუმინელ ვასილ მადალინ მინზალას და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ხუციშვილს ნახევარფინალში მეტოქედ ერგო B ჯგუფში მეორე ადგილზე გასული თურქი ეფე სამი უნალი, რომელსაც ასევე 3:0 მოუგო და ფინალში კვლავაც აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე ამჯერად 5:1 დაამარცხა და ჩემპიონობაც იზეიმა.

B ჯგუფში იასპარეზა მამუკა კორძაიამ. პირველ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა რუმინელი რარეს დანიელ ჩინტოანი, 4:1 - აზერბაიჯანელი ოიან ნაზარიანი. 1:0 მოუგო ესპანელ ხოსე კუბა ვასკესს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფის ქართველი ლიდერი ნახევარფინალში A ჯგუფის მეორე ადგილოსან თურქ უფუკ ილმაზთან 0:1 დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კორძაიას მეტოქე აზერბაიჯანელი ოიან ნაზარიანი აღმოჩნდა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 4:1 მოუგო, ამჯერად კი 1:1 დაასრულა შეხვედრა, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით მესამე ადგილი ქართველ ფალავანს დარჩა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონი გახდა ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) კი მეორე ადგილი დაიკავა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100499